პოკემონი და ახალი წელი

დღეს პოკემონი ვიპოვე ძველ ნივთებში. უფრო სწორად, დედამ იპოვა და მომცა. ჩემი ძმის ნაჩუქარია. რაღაც თამაშში მოიგო და მომიცუნცულა.
დავსევდიანდი და შემრცხვა. არასდროს გამიკეთებია მისთვის საჩუქარი. მე არ მახსენდება.
შემრცხვა და დავსევდიანდი.
სევდა.
სირცხვილი.
პატარა პიკაჩუ პოკემონი და ხის გულსაკიდი, რომელსაც სულ თან ვატარებ რაოდენ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს.
გულსაკიდი.
თან გულია და თან საკიდი.
ტყუილიგულისფორმის გულია.
სამ-სამჯერ ვკოცნი ორივე მხარეს ამ გულსაკიდს. ძილისწინ და ძილის შემდეგ, ძილშიც.
კოცნა.
გულსაკიდი.
ხშირად გავიმეოროთ: არ მჭირდება ის, ვისაც არ ვჭირდები მე.
არ მჭირდება ის.
ჭირი.
დაჭირვება.
გაჭირვება.
მონატრება.
დღესასწაულის სევდა.

ფერომონები

დიდხანს ვუყურებდი წიგნის მაგარ ყდაზე ამოტვიფრულ ასოებს. თვალი გამშტერებოდა და გადაშლაც მეშინოდა. მეშინოდა სიმართლის, სიცრუის, სახეში მოხლილი შელამაზებული რეალობის.
და საერთოდ მეშინოდა.

არც ისე ტყავის ხელთათმანი მეცვა. ვერ ვიტან, ისედაც მუდმივად გაყინულ ხელებს უფრო მითოშავს და მერე დიდხანს ვეღარ ვგრძნობ.
ამ, არც ისე ტყავის ხელთათმანიანი ხელით უფრო გამიჭირდა წიგნის გადაშლა. კბილები ჩავჭიდე მეორე და მესამე თითებს და მოვიგლიჯე.

საშობაო მუსიკით იყო გაყრუებული ქუჩები და მე ისევ ამ მაგარყდიან წიგნს ჩავჩერებოდი. ლამაზი წიგნია, არაფერი დაეწუნება.

ოთახში თავი მოეყარათ ადამიანებს, უხერხული სიჩუმე არ იყო. არც ვინმე საუბრობდა. ამ სიჩუმეს უხერხული არ ერქვა. ოთახში თავი მოეყარათ ადამიანებს, რომლებსაც ოდესღაც ერთმანეთი უყვარდათ. ძალიან უყვარდათ. ყოფილი სიყვარულით იყო გაჟღენთილი ყველაფერი. განა უნდოდათ, ფერომონების ამბავი იყო. ყოფილი სიყვარული.
ფერომონები და უსასრულობაში გამავალი წითელი ხაზი.
წითელი ავის მომასწავებელია. მეც წითელი ვარ. აი ასე. ადამიანები რომ ფერები ვიყოთ, მე, არც ისე ტყავისხელთათმანიანი, წითელი გოგო ვიქნებოდი. საშიში, ავი და მოსარიდებელი. ზედმეტად ავი და საშიში სუნი მაქვს. რეპელენტების დიდი დოზის ბრალია. და აფრთხობს ყველას ეს ჩემი შიშის სუნი.

ცუდად გვესმის ერთმანეთის. ან საერთოდ არ.
არაუშავს, ნელ-ნელა მივეჩვევით. მივეჩვევით, რომ სინამდვილეში არავის ესმის ერთმანეთის.

ოთახში თავი მოეყარათ ადამიანებს, რომელთაც ოდესღაც ერთმანეთი ძალიან უყვარდათ.
ამ სიჩუმეს უხერხული არ ერქვა.

წამის მეათასედი და ქაღალდის წებო

art-black-and-white-cool-girl-favim-com-1023346 ყოველ დილით ვამარცხებ სიკვდილს, საკუთარს მხოლოდ.

 ასე ყოველ დილით წაგებული ვიღვიძებ, ვცდილობ ნამსხვრევებად ქცეული სხეული შევაკოწიწო, შევკრიბო. დღეს  რომ ქაღალდის წებო ვიყიდე, იქნებ გამომადგეს შესაწებებლად. იქნებ მთელ დღეს გაძლოს, მთავარია სახლში დაბრუნებამდე გაძლოს.

 სახლის ზღურბლს რომ გადმოვაბიჯებ, მერე მიმოვფანტავ ამ ნამსხვრევ-ნაფლეთებს აქეთ-იქით, აღარ დამჭიდება, მანამ სანამ ვინმე კარზე არ დააკაკუნებს. თუ კაკუნია თავიდან უნდა ავიზლაზნო, ისევ ავაგროვო, ამოვივსო ცარიელი ადგილები და იდეალურმა გავაღო კარი. დანარჩენ დროს ვიწვები ასე ჩუმად, უხმოდ, გოგოურად აჯაჯულ ტანსაცმელთან და მუსიკასთან ერთად გაფუმფულებული. და არ გავიგონებ ერთ ბგერას მაინც გაჭირვებაზე, დეპრესიაზე, შველაზე, ტკივილზე. ადამიანურ ამქვეყნიურობებს ჩუმად დავუხუჭავ თვალებს. სულ ცოტა ხნით, სულ ერთი წამით შევძლებ და ზურგს ვაქცევ  ფიქრს.

tumblr_m5qrq76xur1qfv8tyo1_500-1-2642

ძნელად და იშვიათად ალბათ, მაგრამ მაინც გამომივა, მხოლოდ რამოდენიმე წამით ან შეიძლება წამის მეათასედით. და გვიან მივხვდები, რომ შევძელი. შევძელი და არ ვიფიქრე ეს წამის მეათასედი რამეზე.

წამის მეათასედით შევძელი მოშვება, მოდუნება, დაბინძურებული ხმაურის ჩაყლაპვა და გულ-მუცელში ჩაგუბება.

წამის მეათასედით გაიყინა, გაყუჩდა, დადუმდა.

მომდევნო დილასაც გავიღვიძებ, დავამარცხებ სიკვდილს, ისევ საკუთარს მხოლოდ და ისევ შევეცდები, ძალიან შევეცდები…

კარგად ვართ

  გაზრდასთან ერთად ის ქუჩები და შენობები გვეპატარავება, რომელიც ასე უზარმაზარი გვეჩვენებოდა ბავშვობაში.

სახლთან ერთი პატარა, ლამაზი მდინარე იყო.

შეიცვალა. აღარ აქვს უწინდელი სუნი და სიგრილე.

ვბრაზობ.

პირველი გაცურვის, პირველი მეგობრების, პირველი ოცნებების სუნი წამართვეს და დამიბინძურეს. ის იდეალური სიჩუმეც სადღაც გაქრა, თევზაობისას რომ ვგრძნობდი. მას შემდეგ არსად და არასდროს ვყოფილვარ ისე მშვიდად, როგორც იმ პირველი თევზაობისას.

გავიდა დრო და კარგად ვართ.

ბოლოა.

ბოლო ფიქრიც და მორჩა.

c0947ce62cd027a651ec840c2fd07096სინამდვილეში  აღმოჩნდა, რომ ისეთი მტკივნეულია, როგორც ქაღალდის ბასრი პირით კანის მთლიანობის დარღვევა. ან ველოსიპედიდან მოასფალტებულ მიწაზე დანარცხება, თითქოს ნეკნები შინაგან ორგანოებს გიფატრავენ. ასეა ყოველი მოდუნებული ფიქრი.

შეწყდეს! აუცილებლად უნდა შეწყდეს ყველაფერი ყალბი, ათასგზის ნაფიქრი ემოცია. რაში გვჭირდება ნაფიქრი, ყალბი.

დავცინოთ გააზრებულს, ათასჯერ დადგმულს, ნათამაშებს, გაზუთხულს, თავისთავამოწურულს.

და ეს გადაღეჭილი ემოცია ან ჩავყლაპოთ, ანდაც გული ავირიოთ და გავთავისუფლდეთ.

მერე რა რომ ვერავინ გაგვიგებს.

ერთმანეთის ხომ არავის ესმის სინამდვილეში.

რა თქმა უნდა კარგად ვართ.

აღარ ვთევზაობთ. აღარც გულისამვსები სიმშვიდეა, მაგრამ კარგად ვართ.

                         fool_yourself

სიყვარული

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, “სიყვარულსა მალვა უნდა” მგონი ძალიან სულელური ფრაზაა.

 სიყვარული უნდა თქვა

დაწერო

დახატო

დაჯღაბნო

დათხუპნო

იჩურჩულო

იყვირო

იმღერო

იცეკვო

გეტკინოს

გეწყინოს

გავსებდეს

გაცარიელებდეს

კიდევ უფრო მეტად გავსებდეს ვიდრე წინა ჯერზე

და ეს უნდა გამოხატო

დაამტკიცო

დაწერო

დახატო

დაჯღაბნო…

და ასე დაუსრულებლად, თუმცა აქ…

წერტილი.

ზოგჯერ არის რაღაც გვიან

როგორც ერთი ჩემი ნაცნობი იტყოდა პრობლემები არ არსებობს, არსებობს სინანული რომ დრო არ გეყო…

ამას ვეღარ შევცვლით.

მინდა რამე დადებითი დავწერო, მაგრამ არ მოდის ეს ოხერი პოზიტივი ასე მარტივად ჩემ ბნელ ცხოვრებაში.

თუმცა არის ერთი.

ადამიანებთან ურთიერთობა;  სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ძალიან მარტივად მიყვარდება ადამიანი და მერე მთელი ცხოვრება მიყვარს (მომავალში ალბათ იქნება გამონაკლისი). უმეტესობისთვის გაუგებარია ალბათ, ჩემთვის კი დოპინგივითიაა, თუ გარკვეულ მომენტში ვინმეს ახალს არ გავიცნობ “ლომკა” მკლავს, სულს მიხუთავს, მახრჩობს.

დღემდე მჯერა რომ ბოროტი ადამიანები არ არსებობენ.

მეც ვზივარ ამ უზარმაზარ ეშმაკის ბორბალზე და ვტრიალებ დაუსრულებლად.

ისე არასდროს მიფიქრია, ვინ და რატომ შეარქვა ამ ბორბალს ეშმაკის?

არაუშავს, ყველა კვდება, ეს მაინცაა გარკვეული ამ ცხოვრებაში.

ვკოტრიალებ ოქროსფერ ყანაში.

ვქანაობ ხის საქანელაზე.

-სულელი ვარ, სულელი ვარ, სულელი ვარ…

ყველა რომ კვდება უკვე ვთქვი?

და ამ დროს ხვდები რომ რაღაც არის ძალიან გვიან.

 

 

ბებო

ვზივარ ყველაზე უაზრო , უინტერესო ლექციაზე, გაყინულ აუდიტორიაში და ყველაფერზე ვფიქრობ დაავადების პრევენციის და ცხოვრების ჯანსაღი წესის გარდა. საერთოდ არაფერ შუაშია ასეთი შესავალი, მაგრამ მსმენია ნამდვილი მწერალი უცილობლად გარემოს აღწერით იწყებს თავის ნაწარმოებსო. შევეცადე “ნამდვილი მწერალივით” დამეწყო.

გათოშილს, ბებოს იმერული ოდა და აგიზგიზებული ბუხარი მენატრება. ფიქრს, უკვე მეათასედ მაწყვეტინებს კარის ჭრიალი და დაგვიანებით შემოსული კურსელის ფხაკუნი. ვცდილობ ყურადღება მოვადუნო და ისევ ოდაზე, იმ სითბოზე ვიფიქრო ბებოს გულში ჩაკვრისას, რომ ვგრძნობ ხოლმე. მისი ბუთქუნა, ტკბილი ხელებით გაკეთებული მჭადის და მწვანე ლობიოს სუნი ახლაც ცხვირში მიღიტინებს.

ლექტორის ხმამაღლა ამოგმინვა და ფიქრის გაწყვეტა ერთი იყო. ვეღარ მოვუყარე მოგონებებს თავი. ფანჯრიდან ხმაურიანი, მტვრიანი, უღიმღამო ქუჩა მოჩანს და ამ დროს უფრო მიმძაფრდება ბებოს ეზოში ამობიბინებულ კოინდარზე წამოკოტრიალების სურვილი. მენატრება მდინარის ხმა, სიჩუმეს რომ მირღვევდა , წიგნის კითხვას მაწყვეტინებდა და საჭყუმპალაოდ მიხმობდა. მენატრება ჩემი ძმის დაჭერილი თევზი რომელსაც არცერთი ვჭამდით 🙂

ბებო სკოლაში ფიზიკას ასწავლიდა. ისეთი მკაცრი ყოფილა ბავშვებს სახლშიც “მონსტრი” ეგონათ. თუმცა ჩვენთან სულ სხვანაირი იყო, აი ისეთი, ნამდვილი ბებო 🙂 არასდროს ავიწყდებოდა სკოლიდან წამოსულს გზად “ბულკების” ყიდვა. არასდროს ავიწყდებოდა ოთხშაბათობით სოფლის ცენტრში გამართულ ბაზრობაზე წასულს აუცილებლად რა უნდა მოეტანა პირის ჩასატკბარუნებლად.

მენატრება იმ ნარდის ქვების ხმა ბებო და ერეკლე გამუდმებით რომ აგორებდნენ. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ჩემი ძმა თუ არ ეთამაშებოდა ის მაინც თავისთვის მარტო თამაშობდა 🙂 მდინარეზე გაქცეულებს უკან გვაბრუნებდა ქუდის დასაფარებლად.

მენატრება მისი შერექმეული და ათასგვარად გადაპრანჭული ჩემი სახელი თიკო-თაკო-თაკუნა. ჰო სამივეს მიყოლებით ერთროულად მეძახდა  ჩემი ბებიტიტო 🙂