სოფის

ჩემო სოფი ,

გწერ  შორეული პორტ-ისააკიდან. პატარა,ლამაზი მეთევზეთა სოფელია უეიდბრიჯთან ახლოს. მიუხედავად მეთევზეთა ფაცი-ფუცისა და გაჩაღებული ვაჭრობისა, მაინც მშვიდი გარემოა. მეც მშვიდად ვგრძნობ თავს, საუცხოო ადგილია დასასვენებლად, არაფერზე საფიქრალად და ბევრი წიგნის წასაკითხად. თუმცა  ეს შენც მშვენივრად იცი. ახლა ვზივარ სანაპიროზე და შენთვის იმდენი რამ მაქვს მოსაყოლი, არც კი ვიცი დაეტევა თუ არა ყველა განცდა ამ გაყვითლებულ ორიოდ სიფრიფანა ფურცელზე. არა ხუთსაც (ფურცელს:დ) მოგწერ, არ მეზარება, ვიცი შენ უფრო დაიზარებ ამ უშველებელი წერილის წაკითხვას. სასიამოვნო ხალხში მოვხვდი. დიასახლისი მეტად საყვარელი და ყურადღებიანი ვინმეა, არასდროს ავიწყდება თავის საფირმო ფუნთუშებზე და უგემრიელეს, არომატულ ჩაიზე ჩემი მიპატიჟება. ოთახსაც არაფერი დაეწუნება,მყუდროა და საუცხოო ხედი იშლება ფანჯრიდან. ავეჯი ცოტა მოძველებულია, მაგრამ მე მეტი არც მინდა. დიდი და საყვარელი ოჯახი აქვს ჩემს დიასახლისს, მისი ქმარი ცოტა ჯუჯღუნა ვინმე ჩანს, დიდი  და ლოთივით წითელი ცხვირის მიუხედავად არასდროს მინახავს რამე ალკოჰოლურს ეტანებოდეს აგერ უკვე მეთოთხმეტე დღეა.სულ თავის საყვარელ სავარძელშია თბილად მოკალათებული და გაზეთებს გაფაციცებით კითხულობს,თითქოს დაიქცევა ქვეყანა რამე სიახლე ან მორიგი ყვითელი ჭორი, რომ გამორჩეს…

***

უკვე მერამდენე დღეა ამ წერილს გწერ და არ ეღირსა დასრულება, აქ ყველაფერი მიწყნარდა. შაბათ-კვირას მოხეტიალე ცირკი იყო ჩამოსული. კარგი სანახაობა იყო, ვერაფერს დავუწუნებდი.განსაკუთრებით აკრობატი, ისე ოსტატურად და დახვეწილად ასრულებდა ნომერს, მინდოდა არასდროს დაესრულებინა… დიდი ლურჯი თვალები და თლილი ყვრიმალები ჰქონდა.ერთ მომენტში კი ძალიან შეგვაშინა, მაგრამ ოსტატურად დაიძვრინა თავი. ეჰ ჩემო სოფი, ნეტავ ჩვენც ასე ადვილად შეგვეძლოს პრობლემებისგან თავის დაძვრენა, გადაჭრა ან უკიდურეს შემთხვევაში ცოტახანს გაქცევა… არა ვიტყუები მარტო აკრობატი კი არა გველების მომთვინიერებელი ქალიც ძალიან მომეწონა.უზარმაზარი საოცარი ფერების გველი დასრიალებდა მის, თითქმის შიშველ სხეულზე.ქალს ზოგ მომენტში ისე მჭიდროდ ეკვროდა ტანზე და შემდეგ ეხვეოდა კისერზე, რომ წამით ვიფიქრე ალბათ მოგუდავდა.  გამახსენდა როგორ მარწუხებივით მიჭერს ცხოვრება მეც ყელზე, ამ მახრჩობელა გველის მსგავსად და როგორი სიმწრით ვუცინი მეც ამ მომთვინიერებელის არ იყოს …

***

სულმოუთქმელად ველოდები ზამთრის სუსხს, რომელიც იმედია არ დააყოვნებს. გახსოვს წინა წელს თოვლი ისააკში? ღმერთო რა კარგი იყო.შენც აქ იყავი,ერთად ვიყავით. როგორ ძლიერ მომენატრე მეგობარო. ალბათ გამკიცხავ აქამდე როგორ არ მომწერეო, მაგრამ რა ვქნა ვერა და ვერ ვასრულებ ამ წყეულ წერილს… გახსოვს რა ბედნიერები ვიყავით ერთად? იცი რა მომენატრა??ჩვენს ქალაქში შობა, დიდი თოვლი, გახსოვს, ძლიერი ბარდნა ჩვენს ქუჩაზე განსაკუთრებით ლამაზი იყო ლამპიონების ყვითელ შუქზე. არა არა ახალი წელი კი არა სამზადისი მომენატრა,ფაცი-ფუცი ქუჩაში, მაღაზიებში, მეტროპოლიტენში… დამღლელი და ამავდროულად სასიამოვნო ფაცი-ფუცი, შენი და კიდევ ჩვენი მეგობრების ბედნიერი სახეები მომენატრა, თვალებში რომ ბედნიერების რაღაც ნაკუწები კიაფობდნენ აი ის მომენატრა.შენი ღიმილი მომენატრა. ვიცი უყურადღებო და დაუკვირვებელი გგონივარ, მაგრამ იცი მთელი ცხოვრებაა ვითვლი და შენი ოთხივე ღიმილი ძალიან მომწონს,ხო ხო ოთხი ღიმილი გაქვს.გინდა გითხრა რომელი? პირველი, როცა ყველა ერთად ვართ და გულწრფელად ხითხითებ მოყოლილ და წამოსროლილ ათას სისულელეზე თუ შეთითხნილ სასაცილო ისტორიაზე, მეორე, როცა საქმეს მორჩები და კმაროფილი ღიმილი დაგთამაშებს სახეზე, მესამე მზრუნველი ღიმილი, აი რაღაც თბილი და ღრმა, როცა მათხოვარი ბავშვი გხვდება ან ვინმე მოხუცებულს დასჭირდება შენი დახმარება აი მაშინ, რომ იღიმი. მეოთხე, ყალბი ღიმილია,რაღაც, რომ გაწუხებს,გტკივა და ცდილობ დამალო,გადაფარო. თუმცა მე ყოველთვის ვხვდები, ან ვცდილობ ხოლმე მივხვდე რა დროს როგორ იცინი…

***

ღამის, უფრო სწორად ახალი დღის დასაწყისია. მალე ალბათ გათენდება, მე როგორც ყოველთვის თვალს ვერ ვხუჭავ… და ისააკში ძალიან ძლიერად და ლამაზად ბარდნის.

მაკლიხარ

სიყვარულით  Butterfly

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

8 thoughts on “სოფის

  1. kavteli ამბობს:

    კარგია 🙂

  2. TinatinGogishvili ამბობს:

    უზომოდ თბილია და სიყვარულით სავსე ❤

  3. Sophie Kaufman (@sophiekaufman) ამბობს:

    მადლობა წერილისთვის, პეპელავ 🙂
    ჰაჰა, ვითომ მე მომწერეს, წარმოვიდგენ… 😉

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s