პოკემონი და ახალი წელი

დღეს პოკემონი ვიპოვე ძველ ნივთებში. უფრო სწორად, დედამ იპოვა და მომცა. ჩემი ძმის ნაჩუქარია. რაღაც თამაშში მოიგო და მომიცუნცულა.
დავსევდიანდი და შემრცხვა. არასდროს გამიკეთებია მისთვის საჩუქარი. მე არ მახსენდება.
შემრცხვა და დავსევდიანდი.
სევდა.
სირცხვილი.
პატარა პიკაჩუ პოკემონი და ხის გულსაკიდი, რომელსაც სულ თან ვატარებ რაოდენ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს.
გულსაკიდი.
თან გულია და თან საკიდი.
ტყუილიგულისფორმის გულია.
სამ-სამჯერ ვკოცნი ორივე მხარეს ამ გულსაკიდს. ძილისწინ და ძილის შემდეგ, ძილშიც.
კოცნა.
გულსაკიდი.
ხშირად გავიმეოროთ: არ მჭირდება ის, ვისაც არ ვჭირდები მე.
არ მჭირდება ის.
ჭირი.
დაჭირვება.
გაჭირვება.
მონატრება.
დღესასწაულის სევდა.

ფერომონები

დიდხანს ვუყურებდი წიგნის მაგარ ყდაზე ამოტვიფრულ ასოებს. თვალი გამშტერებოდა და გადაშლაც მეშინოდა. მეშინოდა სიმართლის, სიცრუის, სახეში მოხლილი შელამაზებული რეალობის.
და საერთოდ მეშინოდა.

არც ისე ტყავის ხელთათმანი მეცვა. ვერ ვიტან, ისედაც მუდმივად გაყინულ ხელებს უფრო მითოშავს და მერე დიდხანს ვეღარ ვგრძნობ.
ამ, არც ისე ტყავის ხელთათმანიანი ხელით უფრო გამიჭირდა წიგნის გადაშლა. კბილები ჩავჭიდე მეორე და მესამე თითებს და მოვიგლიჯე.

საშობაო მუსიკით იყო გაყრუებული ქუჩები და მე ისევ ამ მაგარყდიან წიგნს ჩავჩერებოდი. ლამაზი წიგნია, არაფერი დაეწუნება.

ოთახში თავი მოეყარათ ადამიანებს, უხერხული სიჩუმე არ იყო. არც ვინმე საუბრობდა. ამ სიჩუმეს უხერხული არ ერქვა. ოთახში თავი მოეყარათ ადამიანებს, რომლებსაც ოდესღაც ერთმანეთი უყვარდათ. ძალიან უყვარდათ. ყოფილი სიყვარულით იყო გაჟღენთილი ყველაფერი. განა უნდოდათ, ფერომონების ამბავი იყო. ყოფილი სიყვარული.
ფერომონები და უსასრულობაში გამავალი წითელი ხაზი.
წითელი ავის მომასწავებელია. მეც წითელი ვარ. აი ასე. ადამიანები რომ ფერები ვიყოთ, მე, არც ისე ტყავისხელთათმანიანი, წითელი გოგო ვიქნებოდი. საშიში, ავი და მოსარიდებელი. ზედმეტად ავი და საშიში სუნი მაქვს. რეპელენტების დიდი დოზის ბრალია. და აფრთხობს ყველას ეს ჩემი შიშის სუნი.

ცუდად გვესმის ერთმანეთის. ან საერთოდ არ.
არაუშავს, ნელ-ნელა მივეჩვევით. მივეჩვევით, რომ სინამდვილეში არავის ესმის ერთმანეთის.

ოთახში თავი მოეყარათ ადამიანებს, რომელთაც ოდესღაც ერთმანეთი ძალიან უყვარდათ.
ამ სიჩუმეს უხერხული არ ერქვა.

წამის მეათასედი და ქაღალდის წებო

art-black-and-white-cool-girl-favim-com-1023346 ყოველ დილით ვამარცხებ სიკვდილს, საკუთარს მხოლოდ.

 ასე ყოველ დილით წაგებული ვიღვიძებ, ვცდილობ ნამსხვრევებად ქცეული სხეული შევაკოწიწო, შევკრიბო. დღეს  რომ ქაღალდის წებო ვიყიდე, იქნებ გამომადგეს შესაწებებლად. იქნებ მთელ დღეს გაძლოს, მთავარია სახლში დაბრუნებამდე გაძლოს.

 სახლის ზღურბლს რომ გადმოვაბიჯებ, მერე მიმოვფანტავ ამ ნამსხვრევ-ნაფლეთებს აქეთ-იქით, აღარ დამჭიდება, მანამ სანამ ვინმე კარზე არ დააკაკუნებს. თუ კაკუნია თავიდან უნდა ავიზლაზნო, ისევ ავაგროვო, ამოვივსო ცარიელი ადგილები და იდეალურმა გავაღო კარი. დანარჩენ დროს ვიწვები ასე ჩუმად, უხმოდ, გოგოურად აჯაჯულ ტანსაცმელთან და მუსიკასთან ერთად გაფუმფულებული. და არ გავიგონებ ერთ ბგერას მაინც გაჭირვებაზე, დეპრესიაზე, შველაზე, ტკივილზე. ადამიანურ ამქვეყნიურობებს ჩუმად დავუხუჭავ თვალებს. სულ ცოტა ხნით, სულ ერთი წამით შევძლებ და ზურგს ვაქცევ  ფიქრს.

tumblr_m5qrq76xur1qfv8tyo1_500-1-2642

ძნელად და იშვიათად ალბათ, მაგრამ მაინც გამომივა, მხოლოდ რამოდენიმე წამით ან შეიძლება წამის მეათასედით. და გვიან მივხვდები, რომ შევძელი. შევძელი და არ ვიფიქრე ეს წამის მეათასედი რამეზე.

წამის მეათასედით შევძელი მოშვება, მოდუნება, დაბინძურებული ხმაურის ჩაყლაპვა და გულ-მუცელში ჩაგუბება.

წამის მეათასედით გაიყინა, გაყუჩდა, დადუმდა.

მომდევნო დილასაც გავიღვიძებ, დავამარცხებ სიკვდილს, ისევ საკუთარს მხოლოდ და ისევ შევეცდები, ძალიან შევეცდები…

კარგად ვართ

  გაზრდასთან ერთად ის ქუჩები და შენობები გვეპატარავება, რომელიც ასე უზარმაზარი გვეჩვენებოდა ბავშვობაში.

სახლთან ერთი პატარა, ლამაზი მდინარე იყო.

შეიცვალა. აღარ აქვს უწინდელი სუნი და სიგრილე.

ვბრაზობ.

პირველი გაცურვის, პირველი მეგობრების, პირველი ოცნებების სუნი წამართვეს და დამიბინძურეს. ის იდეალური სიჩუმეც სადღაც გაქრა, თევზაობისას რომ ვგრძნობდი. მას შემდეგ არსად და არასდროს ვყოფილვარ ისე მშვიდად, როგორც იმ პირველი თევზაობისას.

გავიდა დრო და კარგად ვართ.

ბოლოა.

ბოლო ფიქრიც და მორჩა.

c0947ce62cd027a651ec840c2fd07096სინამდვილეში  აღმოჩნდა, რომ ისეთი მტკივნეულია, როგორც ქაღალდის ბასრი პირით კანის მთლიანობის დარღვევა. ან ველოსიპედიდან მოასფალტებულ მიწაზე დანარცხება, თითქოს ნეკნები შინაგან ორგანოებს გიფატრავენ. ასეა ყოველი მოდუნებული ფიქრი.

შეწყდეს! აუცილებლად უნდა შეწყდეს ყველაფერი ყალბი, ათასგზის ნაფიქრი ემოცია. რაში გვჭირდება ნაფიქრი, ყალბი.

დავცინოთ გააზრებულს, ათასჯერ დადგმულს, ნათამაშებს, გაზუთხულს, თავისთავამოწურულს.

და ეს გადაღეჭილი ემოცია ან ჩავყლაპოთ, ანდაც გული ავირიოთ და გავთავისუფლდეთ.

მერე რა რომ ვერავინ გაგვიგებს.

ერთმანეთის ხომ არავის ესმის სინამდვილეში.

რა თქმა უნდა კარგად ვართ.

აღარ ვთევზაობთ. აღარც გულისამვსები სიმშვიდეა, მაგრამ კარგად ვართ.

                         fool_yourself

ბებო

ვზივარ ყველაზე უაზრო , უინტერესო ლექციაზე, გაყინულ აუდიტორიაში და ყველაფერზე ვფიქრობ დაავადების პრევენციის და ცხოვრების ჯანსაღი წესის გარდა. საერთოდ არაფერ შუაშია ასეთი შესავალი, მაგრამ მსმენია ნამდვილი მწერალი უცილობლად გარემოს აღწერით იწყებს თავის ნაწარმოებსო. შევეცადე “ნამდვილი მწერალივით” დამეწყო.

გათოშილს, ბებოს იმერული ოდა და აგიზგიზებული ბუხარი მენატრება. ფიქრს, უკვე მეათასედ მაწყვეტინებს კარის ჭრიალი და დაგვიანებით შემოსული კურსელის ფხაკუნი. ვცდილობ ყურადღება მოვადუნო და ისევ ოდაზე, იმ სითბოზე ვიფიქრო ბებოს გულში ჩაკვრისას, რომ ვგრძნობ ხოლმე. მისი ბუთქუნა, ტკბილი ხელებით გაკეთებული მჭადის და მწვანე ლობიოს სუნი ახლაც ცხვირში მიღიტინებს.

ლექტორის ხმამაღლა ამოგმინვა და ფიქრის გაწყვეტა ერთი იყო. ვეღარ მოვუყარე მოგონებებს თავი. ფანჯრიდან ხმაურიანი, მტვრიანი, უღიმღამო ქუჩა მოჩანს და ამ დროს უფრო მიმძაფრდება ბებოს ეზოში ამობიბინებულ კოინდარზე წამოკოტრიალების სურვილი. მენატრება მდინარის ხმა, სიჩუმეს რომ მირღვევდა , წიგნის კითხვას მაწყვეტინებდა და საჭყუმპალაოდ მიხმობდა. მენატრება ჩემი ძმის დაჭერილი თევზი რომელსაც არცერთი ვჭამდით 🙂

ბებო სკოლაში ფიზიკას ასწავლიდა. ისეთი მკაცრი ყოფილა ბავშვებს სახლშიც “მონსტრი” ეგონათ. თუმცა ჩვენთან სულ სხვანაირი იყო, აი ისეთი, ნამდვილი ბებო 🙂 არასდროს ავიწყდებოდა სკოლიდან წამოსულს გზად “ბულკების” ყიდვა. არასდროს ავიწყდებოდა ოთხშაბათობით სოფლის ცენტრში გამართულ ბაზრობაზე წასულს აუცილებლად რა უნდა მოეტანა პირის ჩასატკბარუნებლად.

მენატრება იმ ნარდის ქვების ხმა ბებო და ერეკლე გამუდმებით რომ აგორებდნენ. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ჩემი ძმა თუ არ ეთამაშებოდა ის მაინც თავისთვის მარტო თამაშობდა 🙂 მდინარეზე გაქცეულებს უკან გვაბრუნებდა ქუდის დასაფარებლად.

მენატრება მისი შერექმეული და ათასგვარად გადაპრანჭული ჩემი სახელი თიკო-თაკო-თაკუნა. ჰო სამივეს მიყოლებით ერთროულად მეძახდა  ჩემი ბებიტიტო 🙂

მე ვირჩევ!

ჩადრი  მას ტარა ჰქვია. 20 წლისაა და უკვე 5 წელზე მეტია ავღანეთიდან გამოქცეულმა, საქართველოს შეაფარა თავი. პატარა ძმასთან ერთად ცხოვრობს. დედა ერთი წლის წინ დაეღუპა. ნახევარ განაკვეთზე მუშაობს დამლაგებლად, რომ თავი ირჩინოს. გარეთ ისევ ჩადრით დადის, არ არის ვალდებული, მაგრამ იძულებულია მარცხენა მხარეს, რომ ნაიარევი აქვს ის დამალოს, წვიმიან ამინდში რაღაც სახსრების ტკივილის მსგავსად რომ თავს ახსენებს, აეწვება და ყრუდ სტკივა აი სწორედ ის ნაიარევი. სამშობლოში ექსტრემისტები დაესხნენ თავს, არ მოსწონდათ გოგონა რომ სკოლაში დადიოდა. ამიტომაც წამოვიდა მთელი ოჯახი. თავიდან ქართულის სწავლა გაუჭირდა, არა მარტო ქართულის… თუმცა, ყველაფრის მიუხედავად ტარა უკვე მესამე კურსის ერთ-ერთი საუკეთესოა, უცხოელ სტუდენტთა შორის.

* * *

  უკვე მერამდენედ  აუყვება ამ გაუთაველებ აღმართს. თუმცა მიზნის მისაღწევად გასავლელი ეს უზარმაზარი აღმართიც კი ვერ აშინებს. მალე გადაუხდელობის გამო ალბათ სტუდენტის სტატუსს შეუჩერებენ, ალბათ -არა, ზუსტად იცის, რომ ასე იქნება, ამდენ შეღავათსაც აღარ გაუკეთებს უნივერსიტეტი. ახლა ცდილობს გამოცდა გადააბაროს, რომ იქნებ როგორმე დაფინანსებაში მოხვდეს და სწავლის გაგრძელება შეძლოს. ერთი გულისხმიერი ლექტორი დაეხმარა: მოსამზადებლად მასწავლებელი უფასოდ უშოვა, ნახევარი წლის საფასური გადაუხადა(მეტი ვეღარ შეძლო სამწუხაროდ). ოჯახი კი ეხმარება, მაგრამ მის მშობლებს ნიკას გარდა კიდევ ექვსი შვილი ჰყავთ. ხელფასი კი ნორმალურად საჭმელზეც  არ ჰყოფნით. ამიტომაც ნიკა ხშირად მშიერი კუჭით, მაგრამ მოწადინებული, კიდევ ერთხელ მიუყვება ამ უსასრულო აღმართს ოცნების ასასრულებლად.

* * *

butterfly

განათლება butterfly-ს არჩევანია!

სოფის

ჩემო სოფი ,

გწერ  შორეული პორტ-ისააკიდან. პატარა,ლამაზი მეთევზეთა სოფელია უეიდბრიჯთან ახლოს. მიუხედავად მეთევზეთა ფაცი-ფუცისა და გაჩაღებული ვაჭრობისა, მაინც მშვიდი გარემოა. მეც მშვიდად ვგრძნობ თავს, საუცხოო ადგილია დასასვენებლად, არაფერზე საფიქრალად და ბევრი წიგნის წასაკითხად. თუმცა  ეს შენც მშვენივრად იცი. ახლა ვზივარ სანაპიროზე და შენთვის იმდენი რამ მაქვს მოსაყოლი, არც კი ვიცი დაეტევა თუ არა ყველა განცდა ამ გაყვითლებულ ორიოდ სიფრიფანა ფურცელზე. არა ხუთსაც (ფურცელს:დ) მოგწერ, არ მეზარება, ვიცი შენ უფრო დაიზარებ ამ უშველებელი წერილის წაკითხვას. სასიამოვნო ხალხში მოვხვდი. დიასახლისი მეტად საყვარელი და ყურადღებიანი ვინმეა, არასდროს ავიწყდება თავის საფირმო ფუნთუშებზე და უგემრიელეს, არომატულ ჩაიზე ჩემი მიპატიჟება. ოთახსაც არაფერი დაეწუნება,მყუდროა და საუცხოო ხედი იშლება ფანჯრიდან. ავეჯი ცოტა მოძველებულია, მაგრამ მე მეტი არც მინდა. დიდი და საყვარელი ოჯახი აქვს ჩემს დიასახლისს, მისი ქმარი ცოტა ჯუჯღუნა ვინმე ჩანს, დიდი  და ლოთივით წითელი ცხვირის მიუხედავად არასდროს მინახავს რამე ალკოჰოლურს ეტანებოდეს აგერ უკვე მეთოთხმეტე დღეა.სულ თავის საყვარელ სავარძელშია თბილად მოკალათებული და გაზეთებს გაფაციცებით კითხულობს,თითქოს დაიქცევა ქვეყანა რამე სიახლე ან მორიგი ყვითელი ჭორი, რომ გამორჩეს… ვრცლად

Blog De La Mariposa ანუ კიდევ ერთი სადღესასწაულო პოსტი

       არ ან ვერ დავწერ რამე გრანდიოზულს. არ არსებობს ბლოგერი ვისაც არ უყვარს თავისი  “შვილობილი”, შესაბამისად ყველას უხარია მისმა ბლოგმა ამდენს, რომ მიაღწია და კიდევ ათასი ბლა ბლა ბლა. არ ვიცი რამდენად კარგად ვწერ, ვარჩევ თემებს დ ა.შ. ხანდახან მე თვითონ ვხვდები, რომ საშინელება გამოვიდა, მაგრამ არასდროს მიფიქრია რამის წაშლა… ეგდოს რას მიშლის < პრინციპით 🙂  ხო და დღეს მეც მიხარია, რომ ჩავარდნების მიუხედავად მაინც არსებობს ბლოგი. მიხარია, რომ რამოდენიმე ადამიანი მაინც წაიკითხავს ამას. და ყველაზე მეტად იცით რა მიხარია??? ვრცლად

No Title

 მახსოვს ყოველთვის ოთხი ვიყავით. კლასელები,საუკეთესო მეგობრები და მოკლედ როგორც “სემიჩკა” ფილმებშია, მუდამ ერთად, მანძილიც რომ ვერაფერს აკლებთ და ათასი ბლა ბლა ბლა…  ვერ ვიტყვი ყველაფერი ერთ წამში შეიცვალამეთქი, პირიქით,  დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა სათითაოდ გამომეცალნენ(თუ რა სიტყვა ვიხმარო არც ვიცი),  ერთი სხვა სკოლაში გადავიდა (დღემდე ვერ ვხვდები რატომ),  მეორე არსად გადასულა, მაგრამ როგოც ჩანს თავისი ნამდვილი სახე სკოლის ბოლო წელს გამოაჩინა (ამიტომაც ყველაზე ნაკლებად მწყდება გული მასზე)… არ ვიცი რატომ, მაგრამ არცერთი ფოტო  შემომრჩა სადაც ერთად, ბედნიერად ვიქნებოდით “ასახულნი”.დავრჩით ორნი… ვრცლად