თერთმეტი

სიამოვნებით ვიქნებოდი ისევ 11 წლის და რამოდენიმე თვის ღლაპი.

   ამბობენ, ბავშვობაში დაბრუნება მათ უნდათ ვისაც “დიდობაში” უაზრო, უფერული, რუტინული, მტკივნეული ცხოვრება აქვსო. მეტ-ნაკლებად ალბათ ყველას გვაწუხებს ცარიელი, დაშტამპული ყოველდღიურობა, მაგრამ ამის გამოსწორება მარტივად შეიძლება, თუმცა ეს თემა სხვაგან და სხვა დროს.

   მრავალფეროვანი აწმყოს მიუხედავად, მგონია, რომ ყველას გვაქვს პერიოდი როცა სევდანარევი თვალებით ვუყურებთ სკვერში მოთამაშე ბავშვებს (არ იგულისხმება ბავშვთმოძულე ადამიანი :დ). არა, ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე და მაინც… სადღაც გულში ღრმად, გვწყდება ის ძაფი რომელზეც მოგონებები ისხდნენ და იფანტება ასე ჟრუანტელივით მთელ სხეულში. მერე უცებ ვფხიზლდებით და ფაცი-ფუცით ვუბუნდებით ჩვენ საქმეს.

   რაც უფრო ხანში შევდივართ, რაც უფრო მეტი წელი გვემატება მით მეტად ხანგრძლივი და მძაფრია ეს ფიქრები, რაც უფრო გვეზღუდება მოძრაობის უნარი, მით უფრო გვტკივა ასკინკილით მოხტუნავე კიკინიანი პატარების დანახვა. თუმცა ამ დროს ალბათ ყველაზე მეტად ვემსგავსებით მათ- ბავშვებს. განსხვავება მხოლოდ გარეგნულია. და ცოტაც ფიზიკური შესაძლებობები 🙂 ისეთივე ჭირვეული და ტკბილეულის მოყვარულები ვხდებით(უზომოდ) როგორც ადრე, ბავშობაში.

   მოგეჩვენებათ ალბათ, რომ, ჩემთვის, 20 წლის მდედრობითი კარაქიანი ბუზიზთვის ადრეა ასეთი დასკვნების გაკეთება 🙂 შეიძლება ვაჭარბებ, სულაც არ იყოს სინამდვილეში ასე, არა და ჩემი სიბერისადმი წინასწარგანწყობის გენებით ვხვდები, რომ მთლად ასე თუ არა, ნაწილობრივ მაინც იქნება მართალი ზემოთ თქმული.

და მაინც,

სიამოვნებით ვიქნებოდი 11 წლის და რამოდენიმე თვის ღლაპი.

broken

thumbდაკარგა.

ასე უაზროდ და მშვიდად შეეგუა თითქოს.

მის გალურჯებულ ტუჩებს ვერ ივიწყებს. ბიჭის წამწამის “ფახუნს” ახლაც გრძნობს სველ ლოყაზე, უფრო სწორად უნდა, რომ გრძნობდეს. გოგო უბედურია, რადგან მასთან ვეღარ გრძნობს,არ ესიზმრება, არ ელანდება – ჰგონია, რომ ბოლომდე მიატოვა.

ყოველ დილას, გაღვიძებისას თავიდან კარგავს, თვალის ყოველი დახამხამების მერე უბრუნდება რეალობას, სადაც ბიჭი აღარ ჩანს. ყოველი ამოსუნთქვის მერე უფრო და უფრო უძნელდება ჩასუნთქვა, ფოტოებს ვეღარ ათვალიერებს, ბიჭის ძველ ნივთებს ვეღარ ეხება, გრძნობს, რომ ამდენი ძალა აღარ აქვს.

ამბობს, რომ ტკივილს ვერ დაარქმევს. სითბოს, თავისუფლების და კიდევ, ხილის ჩაის არომატი აქვს მისი 16 წლის 9 თვის და 1 დღის ბედნიერებას.

  პ.ს. ეს არ არის სიყვარულის ისტორია სევდიანი დასასრულით…

feeling

– რა არის ტკივილი?

– ნამდვილი თუ ჩვენ, რომ ვიგონებთ?

– შეიძლება ტკივილის გამოგონება?

– სწორედაც რომ. უაზროდ ვფლანგავთ დროს ფუჭ ფიქრებში, სურვილებში, მონატრებაში და მერე ვწუწუნებთ, რომ ვითომდა გვტკივა. არ გვესმის, რომ უნდა ვიმოძრაოთ, ცხრა მთას იქითაც უნდა წავიდეთ თუ საჭიროა, თუ მართლა გვენატრება და გვტკივა. არ არსებობს ფაქტორი რომელიც გაგვაჩერებს და თუ არის ესეიგი საკმარისად არ გვენატრება, არ გვიყვარს, არ გვტკივა. ეს ყველაფერია სწორედ გამოგონილი, შეთხზული და ჩვენ მიერ შეთითხნილი… გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, მხოლოდ სიკვდილია გამოუვალი და ისიც ხშირად მარცხდება როცა ნამდვილები ვართ.

– ნამდვილს რაღაა?

– ყველასთვის სხვადასხვა

– შენთვის?

– როცა პირველად გამიქრა გონებაში მელოდია, მაშინ მივხვდი, რომ ნამდვილი იყო, როცა გამიჭირდა ტირილი, ძილი, ჭამა. გავბრაზდი სამყაროზე (ალბათ ბევრი ისე უმიზეზოდაც ასეა, მაგრამ მე არ მახასიათებს) და პირველად ვთქვი სიტყვა “ზიზღი”, როცა ვიგრძენი პულსი ლავიწთან, როცა გინდა, რომ უგუნებობა ვერ შეგამჩნიონ და არა პირიქით. როცა გაღიზიანებს სხვების სიბრალულით სავსე თვალები შენს დანახვაზე. ეს არის ჩემთვის ნამდვილი, ამას ვერ გამოიგონებ… მაშინ მივხვდი, რომ არსებობს ტკივილი და არ შეიძლება ეს ყველაფერი ფარსი იყოს.

სხვა შემთხვევაში თუ გრძნობა არა, მაშინ რაღა დარჩება ნამდვილი და მარადიული?!

run away

გავიღვიძე.

დედას ისევ ცრემლიანი აქვს თვალები

ჩაის მისხამს სევდისფერ ლამბაქში,

ჩუმად ვსვამ დარდს და ტკივილს, ყელში მეჩხირება და ვტოვებ…

არ ვსაყვედურობ ჩემ ძმას არაფერს, არც გულში…

მამაც არ საყვედურობს, ჩუმად ზის და ეროს სურათზე მის ცრემლებს ვამჩნევ

მას შემდეგ ცა მოქუფრულია, ფერები განაცრისფრებული, სამოსი შავი…

სიზმარში არ მინახავს, მტკივა – როგორ ვერაფერი ვიგრძენი წინასწარ…

ის კი, ჩემთვის ასე ახლო და ნაცნობი ნელ-ნელა მშორდება, შეუცნობელი და იდუმალი ხდება, არა, არა, არ მინდა ასე !

ვუყვირი, მაგრამ არ ბრაზდება და არ მოდის!

ვეძახი, მაგრამ ჩუმადაა “გასუსული”

ნაღვლისფერ ნოტებს გამოსცემს რადიო…

რა ეგოისტი ვარ, ისევ ჩემზე ვფიქრობ და მინდა რომ ისევ შევეხო და მოვეფერო, ჩემთვის, ისევ ჩემთვის…

ვიცი მეტკინება შემოდგომის მოსვლა მის გარეშე… ის არის თვითონ შემოდგომა  სავსე, ტკბილი…

მინდა ცხოვრების ეს ეტაპი დავკეცო, დავჭმუჭნო და ურნაში მოვისროლო, ისე ვერ გავუძლებ ვგრძნობ.

მტკივა უ-მისობა

მიმძიმს მის გარეშე ყოველი ჩასუნთქული ჰაერის “ულუფა”

მენატრება !

მენატრება!

მენატრება !

pain

 pain      ზაფხულის მდუღარე დღე გაიყინა, გაითოშა და გაქვავდა… ახლა მივხვდი რას ნიშნავს დროის გაჩერება. ჯერ სიცხელემ გადამიარა,მახსოვს გიჟვით გავიქეცი (თუმცა ბოლოსართი “ვით” აქ სრულებით ზედმეტია). მერე აღარაფერი… უფრო სწორად დედაჩემის გიჟი თვალები და მამაჩემის ჩახუტება იყო. მახსოვს ორი დღის წინ მომღიმარი და ახლა გაქვავებულ-გაცივებული ჩემი სამუდამო ტკივილი და სიყვარული. მეგონა სამი წლის წინ, მეგობრების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს არაფერი შეცვლიდა, ახლა ასე აღარ ვფიქრობ, ახლა საერთოდ აღარ ვფიქრობ…

       16 წლის თითქმის 2 მეტრი იყო უკვე… კედელზე ახლაც ემჩნევა წლების წინ მონიშნული მისი “სიმაღლეები”. მისი ხმელი მხრები და ცივი შუბლი არასდროს ამოიშლება მეხსიერებიდან.deppress ყურებამდე ატანილი ღიმილი და როგორც მე ვეძახდი “64 კბილიანი კრეჭვა”… ბავშვური, თოთო, ნაზი კანი და ლამაზი ფორმის წარბი. არა, იმიტომ კი არა, რომ ჩემია, მართლა ასეთია (მიჭირს მასზე წარსულში საუბარი).

    არ ვიცი რა იქნება, ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ ველოდები, დაუსრულებლად ველოდები ხმელი, მაღალი სილუეტის გამოჩენას, ველოდები, რომ ეს სილუეტი “თათოს” დამიძახებს…

     ახლა ყველაზე ძლიერი ვარ მსოფლიოში,  აღარც კი ვტირი…

     ახლა სრულ ჭკუაზე, რომ არ ვარ ფაქტია!

ჩვენ, სამნი

დიდი, შავი, წყლიანი თვალები აქვს, მოცუცქნული აპრეხილი ცხვირი და ვარდისფერი, ფუმფულა ტუჩები.გულწრფელი და ბავშვური ღიმილი დღემდე  შემორჩენია. ჩემს მეზობლად ჩამოდიოდა დასასვენებლად, ბებიასთან და ბაბუასთან (უფრო სწორად ერთმანეთის მეზობლად ვისვენებდით). ამწვანებული ეზოს შუაგულში პატარა, კოხტა იმერული ოდა იწონებდა თავს, აი ისეთი ქართულ მოთხრობებში რომ არის ხშირად ნახსენები.ერთი მყუდრო ოთახი განსაკუთრებით უყვარდა. საერთოდ მოსიყვარულე ბავშვი იყო და განსაკუთრებით ბაბუა და თავისი ხის აკვანი უყვარდა. ბებომ კაკლის ხე დარგო მის სახელზე, ამ კაკლის ჩრდილი და სურნელი დღემდე არ ავიწყდება, როგორც თვითონ ამბობს დიდრონ თვალებში ცრემლჩამდგარი, აკანკალებული ხმით. ჰამაკში კოტრიალი ხომ საერთოდ ყველაფერს ერჩივნა.

* * *

მაღალი და წვრილი ფეხები აქვს, მუქი ფერის კანი და და ხვეული თმა, რომელსაც რატომღაც სულ იჭრის.ისიც ჩვენი მეზობელია სოფელში.ისიც ბებიასთან და ბაბუასთან ჩამოდიოდა. ბუტია და თავნება იყო ბავშვობაში, ახლა აღარ იბუტება, თავნებობა კი ვერ მოიშალა. წიგნის კითხვა უყვარდა (იმედია ახლაც).ბებო ურჩევდა ხოლმე ძირითადად. ერთი უცნაურობა სჭირდა, გაბრაზებულ გულზე თავისი სახლის გრძელი კიბის გადარეცხვა უყვარდა ცოცხით და წყლიანი “ვედრით” შეიარაღებულს. ბაბუა მასაც განსაკუთრებით უყვარდა. მეც მიყვარდა მათი ბაბუები .

ვატარებდით ერთად თითქმის მთელ ზაფხულს, მდინარეზე, ტყეში, ბეკზე, სოფლის “ბირჟაზე” და სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებში : ))

* * *

მეც მათსავით მიყვარდა ტყე, მდინარე და საერთოდ ყველაფერი იმ სოფელში, ბებია განსაკუთრებით (სამწუხაროდ ბაბუა არასდროს მყოლია). მახსოვს იმერული კილოთი გაჯერებული ლექსიკონით, და საოცარი რუჯით, რომ ვბრუნდებოდით შინ.

ახლა ასე აღარ ხდება… ბოლო აბზაცის დაწერა, მონატრების აღწერა და გადმოცემა განსაკუთრებით მიჭირს.ყველაფერი ერთი ხელის მოსმით არა, მაგრამ მაინც შეიცვალა. ახლა აღარც მათ ჰყავთ ბაბუები, არავინ გვიყვება უცნაურ ამბებს ბაყაყებზე, აღარ გვირჩევენ საინტერესო წიგნებს წასაკითხად. აღარ დავტანტალებთ მდინარეზე, აღარც მისი ოთახია მყუდრო, სადაც ახლა მამამისის მეორე ცოლს მოუწყვია საძნებელი. აღარც იმ კაკლის სუნი გვცემს და აღარც მეზობლის უძველესი და უშველებელი მუხის “ჩეროში” ვთამაშობთ.აღარაა სიმწვანე ეზოში. აღარ გვეფერება ხალხი ქუჩაში და არავინ გვეკითხება როდის ჩამოვედით. აღარ მივყვები ბებოს ბაზარში, ოთხშაბათობით, რომ იმართებოდა ხოლმე. აღარ ვჩხუბობთ მე და ჩემი ძმა,იმაზე თუ ვინ წავიდოდა მაღაზიაში პურზე. ბევრი აღარ დაგროვდა სამწუხაროდ. ვეღარ ვგრძნობ შიშველი ფეხის გულებზე კოინდრის მოლამუნებას.

მენატრება ბეკი, მდინარე, მოპარული სიმინდი, ლაშას სალტოები წყალში (ახლა ვეღარ მოძრაობს)… ბებო მომენატრა ძალიან. ჩემი ბუნჩულა, იმ ბულკივით ფუმფულა და გემრიელი დილაობით რომ მოჰქონდა ხოლმე სკოლიდან დაბრუნებულს. უდარდელი, ჰაეროვანი, მწვანე, “ჩემებით” სავსე ბავშვობა და ზაფხული მენატრება.

ვიღაც მეორე

     რეინკარნაცია – სულთა გარდასხეულება, ტრანსმიგრაცია…

არასდროს მიფიქრია სერიოზულად ამ თემაზე, მაგრამ ამ ბოლო დროს ისეთ სიზმარს ვხედავ, რომ ვატყობ დაფიქრება მომიწევს 🙂 წინა ცხოვრების და სულთა თუ სხეულთა გარდასახვის არ მჯეროდა, თუმცა ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ყველა ადამიანში არის, ცხოვრობს რაღაც ან ვიღაც მეორე 🙂 უხეშად, რომ ვთქვათ არავინ ვართ მარტო :დ ვაკვირდები ჩემ(ს) თავს და რაც უფრო გადის დრო , უფრო ვრწმუნდები, რომ ერთი(ერთეული:დ) არ ვარ. მგონია, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც მხოლოდ ის არის, აი შეხედავ ისაა და მეტი არაფერი, ან არსებობენ ოღონდ კანტიკუნტად. ყოვეთვის ვესაუბრებოდი მეორე მეს, თუ როგორც ეძახიან. იყო იქვე მესამე მე და ალბათ მეოთხეც. მოკლედ რამდენი სიტუაციაცაა იმდენი მე იარსებებს მგონი. ეს რეინკარნაციას ალბათ არ ეხება და სხვა თემაა თუმცა  უხეშად შემიძლია რომ სწორედ მას ”დავაბრალო”. რეინკარნაცია განცდილი სული ახალი სხეულით იმოსება, შემდეგ ისევ იცვლის სხეულს და ასე ვმოგზაურობთ სხვადასხვა საუკუნეში, ეს გამოცდილი და ნაჯაფი ბევრი მე კი ხანდახან თავს გვახსენებს და ალბათ ამიტომაც მგონია, რომ ბევრი მე ჰყავს  ადამიანს.

Samurai

    ამ ბოლო დროს  სამურაი მემ შემახსენა თავი, ხშირად ვხედავ ერთ სიზმარს სადაც ჩემი კატანით ულმობელად ვჟლეტ მტერს. ვფიქრობ ალბათ ტოკუგავა ვიყავი. ჩემ სახეს ვხედავ ნათლად ზევიდან. ტყუილია, რომ ამბობენ წინა ცხოვრება არ შეიძლება გვახსოვდესო, არა და მშვენივრად გვახსოვს, უბრალოდ არ ვაკვირდებით ისეთ დეტალებს რომლებიც გვგონია, რომ ჩვეულებრივი მოვლენაა და ეს ასე უნდა იყოს.

   მე კი დილის ოთხ საათზე მეღვიძება იმ მომენტში, როცა ღირსეული მოწინააღმდეგე დავინდე, მეღვიძება შეგრძნებით, რომ სისხლიანი ხელები მაქვს, ალბათ ამიტომ, ახლა ოცდამეერთე საუკუნეში ომისაგან გადაღლილი ჩემი სამურაი მაიძულებს,  არ მიყვარდეს ბოროტება, სისღლისღვრა და ძალადობრივი სპორტიც კი 🙂

პ.ს.  კიდევ უამრავი მჭირს  ბევრისთვის უცნაური სისულელეები  🙂

ჭიაყელები

the doorისეთი ხმაურია ირგვლივ ასე მგონია თავში მატარებელი წრეზე დაჩუქჩუქებს, გუგუნებს და მოახლოებულ გაჩერებას მამცნობს გამალებით. ადამიანები ჭიანჭველებივით არა, უფრო მატლებივით ირევიან, წითელი, საკმაოდ მოზრდილი ლორწოვანი და ამაზრზენი მიწის ჭიაყელებივით, ლორწოვანი ზედაპირი მზეზე, რომ ულაპლაპებთ  აი იმათსავით.(ასეთი მშვიდი დიდი ხანია არ ვყოფილვარ). ყველაფრის მიუხედავად გონებაგათიშული და ტკივილგაყუჩებული უემოციოდ ვუყურებ ამ მატლების ფუსფუსს და ერთმანეთში საზარელ კლაკვნას. ვრცლად

მე ვირჩევ!

ჩადრი  მას ტარა ჰქვია. 20 წლისაა და უკვე 5 წელზე მეტია ავღანეთიდან გამოქცეულმა, საქართველოს შეაფარა თავი. პატარა ძმასთან ერთად ცხოვრობს. დედა ერთი წლის წინ დაეღუპა. ნახევარ განაკვეთზე მუშაობს დამლაგებლად, რომ თავი ირჩინოს. გარეთ ისევ ჩადრით დადის, არ არის ვალდებული, მაგრამ იძულებულია მარცხენა მხარეს, რომ ნაიარევი აქვს ის დამალოს, წვიმიან ამინდში რაღაც სახსრების ტკივილის მსგავსად რომ თავს ახსენებს, აეწვება და ყრუდ სტკივა აი სწორედ ის ნაიარევი. სამშობლოში ექსტრემისტები დაესხნენ თავს, არ მოსწონდათ გოგონა რომ სკოლაში დადიოდა. ამიტომაც წამოვიდა მთელი ოჯახი. თავიდან ქართულის სწავლა გაუჭირდა, არა მარტო ქართულის… თუმცა, ყველაფრის მიუხედავად ტარა უკვე მესამე კურსის ერთ-ერთი საუკეთესოა, უცხოელ სტუდენტთა შორის.

* * *

  უკვე მერამდენედ  აუყვება ამ გაუთაველებ აღმართს. თუმცა მიზნის მისაღწევად გასავლელი ეს უზარმაზარი აღმართიც კი ვერ აშინებს. მალე გადაუხდელობის გამო ალბათ სტუდენტის სტატუსს შეუჩერებენ, ალბათ -არა, ზუსტად იცის, რომ ასე იქნება, ამდენ შეღავათსაც აღარ გაუკეთებს უნივერსიტეტი. ახლა ცდილობს გამოცდა გადააბაროს, რომ იქნებ როგორმე დაფინანსებაში მოხვდეს და სწავლის გაგრძელება შეძლოს. ერთი გულისხმიერი ლექტორი დაეხმარა: მოსამზადებლად მასწავლებელი უფასოდ უშოვა, ნახევარი წლის საფასური გადაუხადა(მეტი ვეღარ შეძლო სამწუხაროდ). ოჯახი კი ეხმარება, მაგრამ მის მშობლებს ნიკას გარდა კიდევ ექვსი შვილი ჰყავთ. ხელფასი კი ნორმალურად საჭმელზეც  არ ჰყოფნით. ამიტომაც ნიკა ხშირად მშიერი კუჭით, მაგრამ მოწადინებული, კიდევ ერთხელ მიუყვება ამ უსასრულო აღმართს ოცნების ასასრულებლად.

* * *

butterfly

განათლება butterfly-ს არჩევანია!

მონატრებისფერი

parents_with_childხშირად ვხედავ სიზმრად ბავშვთა სახლს.

ვზივარ ჩემ საწოლზე, რომელიც უზარმაზარ ოთახში მეორე რიგში, მეშვიდეა და ადგილიდან არ ვიძვრი, მაშინ, როცა ეზო ბავშვებითაა სავსე. დღეს პარასკევია, ალბათ ამიტომაც ირგვლივ ბედნიერება ჭყამურობს, ოცნებებიც ფრთებს ისხამს, მაგრამ ეს სხვებისთვის. ჩემთვის ყოველი დღე ნაცრისფერი, ერთნაირი და უსიცოცხლოა, არა, იცით თითოეული ბავშვი მიყვარს, ჩემი ლიანა მასწავლებელიც როგორი თბილი და მზრუნველია, განსაკუთრებით ჩემ მიმართ, ალბათ ვეცოდები და იმიტომ… ბევრ ტკბილეულს და ლამაზ ტანსაცმელს მჩუქნის ხშირად.დღეს  ბლოკნოტი მომიტანა, სულ ჭრელაჭრულა ლამაზი პეპლები ეხატა გარეკანზე, თითქმის ყოველ პარასკევს მჩუქნის რაღაცას, ალბათ დედიკოზე, რომ არ ვიფიქრო იმიტომ…

დღეს ისევ პარასკევია, ისევ ჭყამური და სიცოცხლეა გარეთ, ისევ ისე ვზივარ საწოლზე და ვერაფერს ვგრძნობ. როგორ მინდა, ყველაზე მეტად მინდა ახლა აღმზრდელი ოთახში შემოვიდეს და ღიმილიანი სახით მითხრას, რომ ჩავიცვა რადგან დედა მოვიდა… მაგრამ ყველა პარასკევი ერთმანეთს გავს.მეორდება და მეორდება, ჩაიხვია ცხოვრებამ და მეც თან ჩამიხვია,ჩამიყოლა.

უცებ შეშინებულს, ტკივილიანი გულით მეღვიძება, მიხარია, რომ მხოლოდ სიზმარია და ამ დროს ოთახში ჩემი აღმზრდელი შემოდის…