ბებო

ვზივარ ყველაზე უაზრო , უინტერესო ლექციაზე, გაყინულ აუდიტორიაში და ყველაფერზე ვფიქრობ დაავადების პრევენციის და ცხოვრების ჯანსაღი წესის გარდა. საერთოდ არაფერ შუაშია ასეთი შესავალი, მაგრამ მსმენია ნამდვილი მწერალი უცილობლად გარემოს აღწერით იწყებს თავის ნაწარმოებსო. შევეცადე “ნამდვილი მწერალივით” დამეწყო.

გათოშილს, ბებოს იმერული ოდა და აგიზგიზებული ბუხარი მენატრება. ფიქრს, უკვე მეათასედ მაწყვეტინებს კარის ჭრიალი და დაგვიანებით შემოსული კურსელის ფხაკუნი. ვცდილობ ყურადღება მოვადუნო და ისევ ოდაზე, იმ სითბოზე ვიფიქრო ბებოს გულში ჩაკვრისას, რომ ვგრძნობ ხოლმე. მისი ბუთქუნა, ტკბილი ხელებით გაკეთებული მჭადის და მწვანე ლობიოს სუნი ახლაც ცხვირში მიღიტინებს.

ლექტორის ხმამაღლა ამოგმინვა და ფიქრის გაწყვეტა ერთი იყო. ვეღარ მოვუყარე მოგონებებს თავი. ფანჯრიდან ხმაურიანი, მტვრიანი, უღიმღამო ქუჩა მოჩანს და ამ დროს უფრო მიმძაფრდება ბებოს ეზოში ამობიბინებულ კოინდარზე წამოკოტრიალების სურვილი. მენატრება მდინარის ხმა, სიჩუმეს რომ მირღვევდა , წიგნის კითხვას მაწყვეტინებდა და საჭყუმპალაოდ მიხმობდა. მენატრება ჩემი ძმის დაჭერილი თევზი რომელსაც არცერთი ვჭამდით 🙂

ბებო სკოლაში ფიზიკას ასწავლიდა. ისეთი მკაცრი ყოფილა ბავშვებს სახლშიც “მონსტრი” ეგონათ. თუმცა ჩვენთან სულ სხვანაირი იყო, აი ისეთი, ნამდვილი ბებო 🙂 არასდროს ავიწყდებოდა სკოლიდან წამოსულს გზად “ბულკების” ყიდვა. არასდროს ავიწყდებოდა ოთხშაბათობით სოფლის ცენტრში გამართულ ბაზრობაზე წასულს აუცილებლად რა უნდა მოეტანა პირის ჩასატკბარუნებლად.

მენატრება იმ ნარდის ქვების ხმა ბებო და ერეკლე გამუდმებით რომ აგორებდნენ. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ჩემი ძმა თუ არ ეთამაშებოდა ის მაინც თავისთვის მარტო თამაშობდა 🙂 მდინარეზე გაქცეულებს უკან გვაბრუნებდა ქუდის დასაფარებლად.

მენატრება მისი შერექმეული და ათასგვარად გადაპრანჭული ჩემი სახელი თიკო-თაკო-თაკუნა. ჰო სამივეს მიყოლებით ერთროულად მეძახდა  ჩემი ბებიტიტო 🙂

Advertisements

pain

 pain      ზაფხულის მდუღარე დღე გაიყინა, გაითოშა და გაქვავდა… ახლა მივხვდი რას ნიშნავს დროის გაჩერება. ჯერ სიცხელემ გადამიარა,მახსოვს გიჟვით გავიქეცი (თუმცა ბოლოსართი “ვით” აქ სრულებით ზედმეტია). მერე აღარაფერი… უფრო სწორად დედაჩემის გიჟი თვალები და მამაჩემის ჩახუტება იყო. მახსოვს ორი დღის წინ მომღიმარი და ახლა გაქვავებულ-გაცივებული ჩემი სამუდამო ტკივილი და სიყვარული. მეგონა სამი წლის წინ, მეგობრების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს არაფერი შეცვლიდა, ახლა ასე აღარ ვფიქრობ, ახლა საერთოდ აღარ ვფიქრობ…

       16 წლის თითქმის 2 მეტრი იყო უკვე… კედელზე ახლაც ემჩნევა წლების წინ მონიშნული მისი “სიმაღლეები”. მისი ხმელი მხრები და ცივი შუბლი არასდროს ამოიშლება მეხსიერებიდან.deppress ყურებამდე ატანილი ღიმილი და როგორც მე ვეძახდი “64 კბილიანი კრეჭვა”… ბავშვური, თოთო, ნაზი კანი და ლამაზი ფორმის წარბი. არა, იმიტომ კი არა, რომ ჩემია, მართლა ასეთია (მიჭირს მასზე წარსულში საუბარი).

    არ ვიცი რა იქნება, ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ ველოდები, დაუსრულებლად ველოდები ხმელი, მაღალი სილუეტის გამოჩენას, ველოდები, რომ ეს სილუეტი “თათოს” დამიძახებს…

     ახლა ყველაზე ძლიერი ვარ მსოფლიოში,  აღარც კი ვტირი…

     ახლა სრულ ჭკუაზე, რომ არ ვარ ფაქტია!

ჩვენ, სამნი

დიდი, შავი, წყლიანი თვალები აქვს, მოცუცქნული აპრეხილი ცხვირი და ვარდისფერი, ფუმფულა ტუჩები.გულწრფელი და ბავშვური ღიმილი დღემდე  შემორჩენია. ჩემს მეზობლად ჩამოდიოდა დასასვენებლად, ბებიასთან და ბაბუასთან (უფრო სწორად ერთმანეთის მეზობლად ვისვენებდით). ამწვანებული ეზოს შუაგულში პატარა, კოხტა იმერული ოდა იწონებდა თავს, აი ისეთი ქართულ მოთხრობებში რომ არის ხშირად ნახსენები.ერთი მყუდრო ოთახი განსაკუთრებით უყვარდა. საერთოდ მოსიყვარულე ბავშვი იყო და განსაკუთრებით ბაბუა და თავისი ხის აკვანი უყვარდა. ბებომ კაკლის ხე დარგო მის სახელზე, ამ კაკლის ჩრდილი და სურნელი დღემდე არ ავიწყდება, როგორც თვითონ ამბობს დიდრონ თვალებში ცრემლჩამდგარი, აკანკალებული ხმით. ჰამაკში კოტრიალი ხომ საერთოდ ყველაფერს ერჩივნა.

* * *

მაღალი და წვრილი ფეხები აქვს, მუქი ფერის კანი და და ხვეული თმა, რომელსაც რატომღაც სულ იჭრის.ისიც ჩვენი მეზობელია სოფელში.ისიც ბებიასთან და ბაბუასთან ჩამოდიოდა. ბუტია და თავნება იყო ბავშვობაში, ახლა აღარ იბუტება, თავნებობა კი ვერ მოიშალა. წიგნის კითხვა უყვარდა (იმედია ახლაც).ბებო ურჩევდა ხოლმე ძირითადად. ერთი უცნაურობა სჭირდა, გაბრაზებულ გულზე თავისი სახლის გრძელი კიბის გადარეცხვა უყვარდა ცოცხით და წყლიანი “ვედრით” შეიარაღებულს. ბაბუა მასაც განსაკუთრებით უყვარდა. მეც მიყვარდა მათი ბაბუები .

ვატარებდით ერთად თითქმის მთელ ზაფხულს, მდინარეზე, ტყეში, ბეკზე, სოფლის “ბირჟაზე” და სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებში : ))

* * *

მეც მათსავით მიყვარდა ტყე, მდინარე და საერთოდ ყველაფერი იმ სოფელში, ბებია განსაკუთრებით (სამწუხაროდ ბაბუა არასდროს მყოლია). მახსოვს იმერული კილოთი გაჯერებული ლექსიკონით, და საოცარი რუჯით, რომ ვბრუნდებოდით შინ.

ახლა ასე აღარ ხდება… ბოლო აბზაცის დაწერა, მონატრების აღწერა და გადმოცემა განსაკუთრებით მიჭირს.ყველაფერი ერთი ხელის მოსმით არა, მაგრამ მაინც შეიცვალა. ახლა აღარც მათ ჰყავთ ბაბუები, არავინ გვიყვება უცნაურ ამბებს ბაყაყებზე, აღარ გვირჩევენ საინტერესო წიგნებს წასაკითხად. აღარ დავტანტალებთ მდინარეზე, აღარც მისი ოთახია მყუდრო, სადაც ახლა მამამისის მეორე ცოლს მოუწყვია საძნებელი. აღარც იმ კაკლის სუნი გვცემს და აღარც მეზობლის უძველესი და უშველებელი მუხის “ჩეროში” ვთამაშობთ.აღარაა სიმწვანე ეზოში. აღარ გვეფერება ხალხი ქუჩაში და არავინ გვეკითხება როდის ჩამოვედით. აღარ მივყვები ბებოს ბაზარში, ოთხშაბათობით, რომ იმართებოდა ხოლმე. აღარ ვჩხუბობთ მე და ჩემი ძმა,იმაზე თუ ვინ წავიდოდა მაღაზიაში პურზე. ბევრი აღარ დაგროვდა სამწუხაროდ. ვეღარ ვგრძნობ შიშველი ფეხის გულებზე კოინდრის მოლამუნებას.

მენატრება ბეკი, მდინარე, მოპარული სიმინდი, ლაშას სალტოები წყალში (ახლა ვეღარ მოძრაობს)… ბებო მომენატრა ძალიან. ჩემი ბუნჩულა, იმ ბულკივით ფუმფულა და გემრიელი დილაობით რომ მოჰქონდა ხოლმე სკოლიდან დაბრუნებულს. უდარდელი, ჰაეროვანი, მწვანე, “ჩემებით” სავსე ბავშვობა და ზაფხული მენატრება.

No Title

 მახსოვს ყოველთვის ოთხი ვიყავით. კლასელები,საუკეთესო მეგობრები და მოკლედ როგორც “სემიჩკა” ფილმებშია, მუდამ ერთად, მანძილიც რომ ვერაფერს აკლებთ და ათასი ბლა ბლა ბლა…  ვერ ვიტყვი ყველაფერი ერთ წამში შეიცვალამეთქი, პირიქით,  დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა სათითაოდ გამომეცალნენ(თუ რა სიტყვა ვიხმარო არც ვიცი),  ერთი სხვა სკოლაში გადავიდა (დღემდე ვერ ვხვდები რატომ),  მეორე არსად გადასულა, მაგრამ როგოც ჩანს თავისი ნამდვილი სახე სკოლის ბოლო წელს გამოაჩინა (ამიტომაც ყველაზე ნაკლებად მწყდება გული მასზე)… არ ვიცი რატომ, მაგრამ არცერთი ფოტო  შემომრჩა სადაც ერთად, ბედნიერად ვიქნებოდით “ასახულნი”.დავრჩით ორნი… ვრცლად

უკაცრავად,თქვენ ბავშვობა გჭირთ ანუ sweet childhood

თოვს.

ძლიერი ყინვა მაშინვე აწებებს თოვლის ჩამოცვენილ ფანტელებს ერთმანეთს… ჩემთვის უაზროდ მივაბოტებ ქუჩაში.ქურთუკი გახსნილი მაქვს,თმა–აწეწილი,მაგრამ არ მაინტერესებს… ვგრძნობ, როგორ მაკვირდებიან ქუჩაში (ყინვის გამო შეცოტავებული) ადამიანები,არც ეს მაინტერესებს… და საერთოდ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით არა(ფერი) მაინტერესებს…  ამ დროს ყველაზე მშვიდი ვარ… ხასიათის შესაბამისი მუსიკა ბოლო ხმაზე გუგუნებს ყურებში და ვერც კი ვხვდები როგორ მიახლოვდება ნაცნობი სილუეტი წარსულიდან… მიღიმის,მეც დაბნეული ღიმილითვე ვპასუხობ და რამოდენიმე წუთის შემდეგ ვხვდები ვინც არის 🙂 ვრცლად

უბრალოდ “სხვანაირი” პილოტი

    13–14 წლის ვიყავი საბა რომ გავიცანი… ჩემზე გაცილებით დიდი იყო.თავიდან თითქოს მეშინოდა კიდეც მასთან ურთიერთობა.პატარა ვიყავი და მისი ასაკი მაშინებდა.მეგონა უხეში და მუდო იყო(ნუ მე ასე მივიჩნევდი). თავიდან შორს ვიჭერდი თავს,მაგრამ მერე არ მახსოვს როგორ და რატომ,მაგრამ დავუახლოვდი.რაღაცებში მეხმარებოდა კიდეც… საუკეთესო მოგობარი ნამდვილად არ იყო,მაგრამ რაღაც სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა,ალბათ იმიტომ,რომ თვითონაც ასეთი იყო…სხვანაირი… ვრცლად

ისევ მესიზმრება

თოვს…

ვგრძნობ გალუმპული ფეხები კედებში როგორ მეყინება.ქუდი არ მიხდება და არ ვატარებ, თანაც ყველგან მრჩებოდა :დ ხო და ახლა დავდივარ გაწუნკლული თმებით და საცოდავი შესახედაობის გამო ყველა მე მიყურებს :დ ნელ-ნელა ვგრძნობ ადამიანების რიცხვი როგორ იკლებს ქუჩაში და ბოლოს სულ მარტო ვრჩები…გვიან მოვედი გონს… ისიც მხოლოდ იმიტომ,რომ ვიღაც ტანსაცმელზე მექაჩებოდა. ასე სამი წლის  იქნებოდა თუ ნაკლების არა.პატარა,სიცივისგან შეწითლებული სახე ცოტა მოთხუპვნოდა.გაყინულ-გათოშილი,ლამის სილურჯეში გადასული პატარა ხელები გამომიწოდა და დახმარება მთხოვა,თავიდან ვერ მივხვდი რა უნდოდა,მერე უცებ გონს მოვედი,ჯიბეები მოვიქექე…სწრაფადვე გამშორდა,ვერც დავეწიე ისე გაძვრა სადღაც პატარა ჩიხში,რომ რამე მეკითხა(საშინლად დამაინტერესა ვისთან მიჰქონდა ფული) და რადგან არ ვიცოდი დედა ჰყავდა თუ არა მისი ”პატრონი” შემზიზღდა,ბრაზით ვივსებოდი როცა წარმოვიდგენდი,რომ სადღაც წამოკოტრიალებულ მის საქონელ ”პატრონს” სიმწრით ნაშოვნ ხურდებს როგორ ჩაუთვლიდა სათითაოდ.ის კი ხმამაღლა უღრიალებდა,რომ ეს არაფერში ეყოფოდა და უმიზეზოდ ცემდა უდანაშაულო ბავშვს… არა და აქამდეც ბევრი ბავშვი შემხვედრია ქუჩაში ხელ გამოწვდილი,მაგრამ ეს თითქოს სულ სხვა შემთხვევა იყო.დავითრგუნე,ყოველგვარი პათეტიკისა და ზე-სიტყვების გარეშე მართლაც რაღაც ჩამწყდა გულში… თითქოს მე ვიყავი ის პატარა,რომელიც სახლიდან სამათხოვროდ გამოაგდეს და მკაცრად დასჯიდნენ თუ ”ხელფასს”  სახლში არ მიიტანდა…უაზროდ დავდიოდი  და თვალებს ვაცეცებდი იქნებ სადმე დამენახა… ალბათ დიდი ხნის შემძვრალი იყოს თავის ბნელ და ცივ ”ბუნაგში”…

იმ ღამეს წამითაც არ მომიხუჭავს თვალი,გამთენიისას ჩამეძინა და იმ ბავშვის ლამაზი სახე დამესიზმრა… დიდი ხანია უკვე ყოველ ღამე ასეა… ამის შემდეგ ყოველ დილას ვიღვიძებ უცნაური შეგრძნებით და ვხვდები რამდენად ბედნიერი ვარ თურმე(ყველაფერი ხომ შედარებითია)

ის კი ისევ მესიზმრება…