ბებო

ვზივარ ყველაზე უაზრო , უინტერესო ლექციაზე, გაყინულ აუდიტორიაში და ყველაფერზე ვფიქრობ დაავადების პრევენციის და ცხოვრების ჯანსაღი წესის გარდა. საერთოდ არაფერ შუაშია ასეთი შესავალი, მაგრამ მსმენია ნამდვილი მწერალი უცილობლად გარემოს აღწერით იწყებს თავის ნაწარმოებსო. შევეცადე “ნამდვილი მწერალივით” დამეწყო.

გათოშილს, ბებოს იმერული ოდა და აგიზგიზებული ბუხარი მენატრება. ფიქრს, უკვე მეათასედ მაწყვეტინებს კარის ჭრიალი და დაგვიანებით შემოსული კურსელის ფხაკუნი. ვცდილობ ყურადღება მოვადუნო და ისევ ოდაზე, იმ სითბოზე ვიფიქრო ბებოს გულში ჩაკვრისას, რომ ვგრძნობ ხოლმე. მისი ბუთქუნა, ტკბილი ხელებით გაკეთებული მჭადის და მწვანე ლობიოს სუნი ახლაც ცხვირში მიღიტინებს.

ლექტორის ხმამაღლა ამოგმინვა და ფიქრის გაწყვეტა ერთი იყო. ვეღარ მოვუყარე მოგონებებს თავი. ფანჯრიდან ხმაურიანი, მტვრიანი, უღიმღამო ქუჩა მოჩანს და ამ დროს უფრო მიმძაფრდება ბებოს ეზოში ამობიბინებულ კოინდარზე წამოკოტრიალების სურვილი. მენატრება მდინარის ხმა, სიჩუმეს რომ მირღვევდა , წიგნის კითხვას მაწყვეტინებდა და საჭყუმპალაოდ მიხმობდა. მენატრება ჩემი ძმის დაჭერილი თევზი რომელსაც არცერთი ვჭამდით 🙂

ბებო სკოლაში ფიზიკას ასწავლიდა. ისეთი მკაცრი ყოფილა ბავშვებს სახლშიც “მონსტრი” ეგონათ. თუმცა ჩვენთან სულ სხვანაირი იყო, აი ისეთი, ნამდვილი ბებო 🙂 არასდროს ავიწყდებოდა სკოლიდან წამოსულს გზად “ბულკების” ყიდვა. არასდროს ავიწყდებოდა ოთხშაბათობით სოფლის ცენტრში გამართულ ბაზრობაზე წასულს აუცილებლად რა უნდა მოეტანა პირის ჩასატკბარუნებლად.

მენატრება იმ ნარდის ქვების ხმა ბებო და ერეკლე გამუდმებით რომ აგორებდნენ. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ჩემი ძმა თუ არ ეთამაშებოდა ის მაინც თავისთვის მარტო თამაშობდა 🙂 მდინარეზე გაქცეულებს უკან გვაბრუნებდა ქუდის დასაფარებლად.

მენატრება მისი შერექმეული და ათასგვარად გადაპრანჭული ჩემი სახელი თიკო-თაკო-თაკუნა. ჰო სამივეს მიყოლებით ერთროულად მეძახდა  ჩემი ბებიტიტო 🙂

Advertisements