ბებო

ვზივარ ყველაზე უაზრო , უინტერესო ლექციაზე, გაყინულ აუდიტორიაში და ყველაფერზე ვფიქრობ დაავადების პრევენციის და ცხოვრების ჯანსაღი წესის გარდა. საერთოდ არაფერ შუაშია ასეთი შესავალი, მაგრამ მსმენია ნამდვილი მწერალი უცილობლად გარემოს აღწერით იწყებს თავის ნაწარმოებსო. შევეცადე “ნამდვილი მწერალივით” დამეწყო.

გათოშილს, ბებოს იმერული ოდა და აგიზგიზებული ბუხარი მენატრება. ფიქრს, უკვე მეათასედ მაწყვეტინებს კარის ჭრიალი და დაგვიანებით შემოსული კურსელის ფხაკუნი. ვცდილობ ყურადღება მოვადუნო და ისევ ოდაზე, იმ სითბოზე ვიფიქრო ბებოს გულში ჩაკვრისას, რომ ვგრძნობ ხოლმე. მისი ბუთქუნა, ტკბილი ხელებით გაკეთებული მჭადის და მწვანე ლობიოს სუნი ახლაც ცხვირში მიღიტინებს.

ლექტორის ხმამაღლა ამოგმინვა და ფიქრის გაწყვეტა ერთი იყო. ვეღარ მოვუყარე მოგონებებს თავი. ფანჯრიდან ხმაურიანი, მტვრიანი, უღიმღამო ქუჩა მოჩანს და ამ დროს უფრო მიმძაფრდება ბებოს ეზოში ამობიბინებულ კოინდარზე წამოკოტრიალების სურვილი. მენატრება მდინარის ხმა, სიჩუმეს რომ მირღვევდა , წიგნის კითხვას მაწყვეტინებდა და საჭყუმპალაოდ მიხმობდა. მენატრება ჩემი ძმის დაჭერილი თევზი რომელსაც არცერთი ვჭამდით 🙂

ბებო სკოლაში ფიზიკას ასწავლიდა. ისეთი მკაცრი ყოფილა ბავშვებს სახლშიც “მონსტრი” ეგონათ. თუმცა ჩვენთან სულ სხვანაირი იყო, აი ისეთი, ნამდვილი ბებო 🙂 არასდროს ავიწყდებოდა სკოლიდან წამოსულს გზად “ბულკების” ყიდვა. არასდროს ავიწყდებოდა ოთხშაბათობით სოფლის ცენტრში გამართულ ბაზრობაზე წასულს აუცილებლად რა უნდა მოეტანა პირის ჩასატკბარუნებლად.

მენატრება იმ ნარდის ქვების ხმა ბებო და ერეკლე გამუდმებით რომ აგორებდნენ. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ჩემი ძმა თუ არ ეთამაშებოდა ის მაინც თავისთვის მარტო თამაშობდა 🙂 მდინარეზე გაქცეულებს უკან გვაბრუნებდა ქუდის დასაფარებლად.

მენატრება მისი შერექმეული და ათასგვარად გადაპრანჭული ჩემი სახელი თიკო-თაკო-თაკუნა. ჰო სამივეს მიყოლებით ერთროულად მეძახდა  ჩემი ბებიტიტო 🙂

დარჩი

მე ვკვდები,
ყოველ დილით ვკვდები,
ყოველი ამოსუნთქვისას ვკვდები.
იმიტომ, რომ…

შენ აღარ ხარ

შენ აქ არ ხარ,

შენ ჩემთან არ ხარ,

შენ ჩემი აღარ ხარ.

და მე მენატრები,

მარტივად,   მენატრები

ავდარში მენატრები,

არა – დარშიც ძალიან მენატრები.

If I could

If I could

I’d protect you

from the sadness in your eyes…

მოვინდომე წერა და აღმოვაჩინე, რომ სევდას მელანი გაელია, ხარბად შეესრუტა და სულ მთლად ამოეშრო.

მოვინდომე გასეირნება და ქუჩა მტვერს შეუჭამია.

სევდა უსასრულოა…

მინდა ბედნიერება დავინახო და ამ დროს ცრემლებით მევსება თვალები, აი ზუსტად ისე ტომ იორკს რომ აკვარიუმი ევსება წყლით. ვიცი სხვადასხვა დროში ვწერ წინადადებებს და ბევრ “მწარე” გრამატიკულ შეცდომას ვუშვებ, მაგრამ მართლაც ყველა დროში მენატრები. ხომ ვიცით(მე და შენ), რომ ადგილის გარემოება ჩვენ შემთხვევაში მხოლოდ ქართული გრამატიკის ნაწილია.

მე შენ მოგიძღვნი ყველა ჩემ ჩანახატს, ყველა ამოსუნთქვას და თვალის დახამხამებას, ყველა უგემოვნო თუ გემოვნებიანი რომანიდან ამოგლეჯილ ფრაზას.

ალბათ უკვე იცი, რომ სევდა მარადიულია

და იცი? რეი გენიოსია…

მე, იდიოტმა, როგორ ვერ შევნიშნე ეს სევდა შენს თვალებში

წყეული, ჩაუფიქრებელი სურვილი

     გარეცხეთ ვინმემ ჩემი გონება ფიქრებისგან.
ამოქოლეთ კარი, აი ის, უმისობას რომ გავუღე (მგონი სიმღერიდანაა).მოიყვანეთ შემოდგომა, მხოლოდ მასთან ერთად, ცარიელი არ მინდა. დაწვით ნივთები, არც ისინი ვარგა უმისოდ(ჩემსავით). არ მინდა ვუყურო თოვას მის გარეშე, არც ჩაის დალევა მინდა მარტო, არ მინდა ახალი წლის სუფრასთან მხოლოდ სამნი ვისხდეთ. არ მინდა მზე, მთვარე, კიდევ მილიონობით ვარსკვლავი და გალაქტიკა იყოს ის, მინდა რეალურად ვხედავდე, ვეხებოდე, მისი ხმა მესმოდეს და ძველებურად მე ვუწესრიგებდე ფრჩხილებს.
მუდამ იმ მატარებლის მოლოდინში ვიქნები, რომელიც მასთან მიმიყვანს (აი ესეც სადღაც გაგონილი ფრაზაა მგონი). სულ მოვიშალე, სხეულიც ლიანდაგში ჩაწოლას ლამობს. ფურცელსაც ვეღარ ვუზიარებ გრძნობებს, ფიქრებს.
მერამდენედ ვფიქრობ ამ ტკივილის კარიც გამოვხურო. (იმდენი კარი გაჩნდა, რომ სათვალავიც ამერია და მგონი ტავტოლოგიაც გაიპარა ჩანახატში). წყეული სიმღერები რომ არა, არასდროს მომივიდოდა ასეთი წინადადებები თავში აზრად.
დაბადების დღეს ან ახალ წელს, რომ სურვილებს იფიქრებენ, მგონი არასდროს ჩამიფიქრებია ჩემი და ჩემი ოჯახის ჯანმრთელობა, ზედმეტად ახალგაზრდები მეგონა ვიყავით და არ იყო საჭირო იმის ჩაფიქრება რაც ისედაც გვქონდა. ამაში, რომ ვცდებოდი ფაქტია, არა და უკან რომ დროის დაბრუნება შემეძლოს.
უკან, რომ შემეძლოს… რამდენ გამწარებულ ადამიანს უთქვამს ასე, მეც მათ რიცხვში ვარ ალბათ. არ დავიწყებ იმის მტკიცებას ვის მეტად უჭირს და ტკივა, მე თუ სხვას. უაზრობაა…
ის ვიცი, რომ ჩემი ყოველდღიურობა, არშემდგარი ბედნიერება და დაუსრულებელი მელოდიაა. მხოლოდ ჩემი “ერო” , მე კი მისი “თათო”…
სხვა რა გითხრათ, ვცდილობთ “კარგად” ვიყოთ, ვცდილობთ…

broken

thumbდაკარგა.

ასე უაზროდ და მშვიდად შეეგუა თითქოს.

მის გალურჯებულ ტუჩებს ვერ ივიწყებს. ბიჭის წამწამის “ფახუნს” ახლაც გრძნობს სველ ლოყაზე, უფრო სწორად უნდა, რომ გრძნობდეს. გოგო უბედურია, რადგან მასთან ვეღარ გრძნობს,არ ესიზმრება, არ ელანდება – ჰგონია, რომ ბოლომდე მიატოვა.

ყოველ დილას, გაღვიძებისას თავიდან კარგავს, თვალის ყოველი დახამხამების მერე უბრუნდება რეალობას, სადაც ბიჭი აღარ ჩანს. ყოველი ამოსუნთქვის მერე უფრო და უფრო უძნელდება ჩასუნთქვა, ფოტოებს ვეღარ ათვალიერებს, ბიჭის ძველ ნივთებს ვეღარ ეხება, გრძნობს, რომ ამდენი ძალა აღარ აქვს.

ამბობს, რომ ტკივილს ვერ დაარქმევს. სითბოს, თავისუფლების და კიდევ, ხილის ჩაის არომატი აქვს მისი 16 წლის 9 თვის და 1 დღის ბედნიერებას.

  პ.ს. ეს არ არის სიყვარულის ისტორია სევდიანი დასასრულით…

feeling

– რა არის ტკივილი?

– ნამდვილი თუ ჩვენ, რომ ვიგონებთ?

– შეიძლება ტკივილის გამოგონება?

– სწორედაც რომ. უაზროდ ვფლანგავთ დროს ფუჭ ფიქრებში, სურვილებში, მონატრებაში და მერე ვწუწუნებთ, რომ ვითომდა გვტკივა. არ გვესმის, რომ უნდა ვიმოძრაოთ, ცხრა მთას იქითაც უნდა წავიდეთ თუ საჭიროა, თუ მართლა გვენატრება და გვტკივა. არ არსებობს ფაქტორი რომელიც გაგვაჩერებს და თუ არის ესეიგი საკმარისად არ გვენატრება, არ გვიყვარს, არ გვტკივა. ეს ყველაფერია სწორედ გამოგონილი, შეთხზული და ჩვენ მიერ შეთითხნილი… გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, მხოლოდ სიკვდილია გამოუვალი და ისიც ხშირად მარცხდება როცა ნამდვილები ვართ.

– ნამდვილს რაღაა?

– ყველასთვის სხვადასხვა

– შენთვის?

– როცა პირველად გამიქრა გონებაში მელოდია, მაშინ მივხვდი, რომ ნამდვილი იყო, როცა გამიჭირდა ტირილი, ძილი, ჭამა. გავბრაზდი სამყაროზე (ალბათ ბევრი ისე უმიზეზოდაც ასეა, მაგრამ მე არ მახასიათებს) და პირველად ვთქვი სიტყვა “ზიზღი”, როცა ვიგრძენი პულსი ლავიწთან, როცა გინდა, რომ უგუნებობა ვერ შეგამჩნიონ და არა პირიქით. როცა გაღიზიანებს სხვების სიბრალულით სავსე თვალები შენს დანახვაზე. ეს არის ჩემთვის ნამდვილი, ამას ვერ გამოიგონებ… მაშინ მივხვდი, რომ არსებობს ტკივილი და არ შეიძლება ეს ყველაფერი ფარსი იყოს.

სხვა შემთხვევაში თუ გრძნობა არა, მაშინ რაღა დარჩება ნამდვილი და მარადიული?!

run away

გავიღვიძე.

დედას ისევ ცრემლიანი აქვს თვალები

ჩაის მისხამს სევდისფერ ლამბაქში,

ჩუმად ვსვამ დარდს და ტკივილს, ყელში მეჩხირება და ვტოვებ…

არ ვსაყვედურობ ჩემ ძმას არაფერს, არც გულში…

მამაც არ საყვედურობს, ჩუმად ზის და ეროს სურათზე მის ცრემლებს ვამჩნევ

მას შემდეგ ცა მოქუფრულია, ფერები განაცრისფრებული, სამოსი შავი…

სიზმარში არ მინახავს, მტკივა – როგორ ვერაფერი ვიგრძენი წინასწარ…

ის კი, ჩემთვის ასე ახლო და ნაცნობი ნელ-ნელა მშორდება, შეუცნობელი და იდუმალი ხდება, არა, არა, არ მინდა ასე !

ვუყვირი, მაგრამ არ ბრაზდება და არ მოდის!

ვეძახი, მაგრამ ჩუმადაა “გასუსული”

ნაღვლისფერ ნოტებს გამოსცემს რადიო…

რა ეგოისტი ვარ, ისევ ჩემზე ვფიქრობ და მინდა რომ ისევ შევეხო და მოვეფერო, ჩემთვის, ისევ ჩემთვის…

ვიცი მეტკინება შემოდგომის მოსვლა მის გარეშე… ის არის თვითონ შემოდგომა  სავსე, ტკბილი…

მინდა ცხოვრების ეს ეტაპი დავკეცო, დავჭმუჭნო და ურნაში მოვისროლო, ისე ვერ გავუძლებ ვგრძნობ.

მტკივა უ-მისობა

მიმძიმს მის გარეშე ყოველი ჩასუნთქული ჰაერის “ულუფა”

მენატრება !

მენატრება!

მენატრება !