ოთხი გემო ვნებიანი სეზონი

წაკითხვამდე აუცილებელია აბსოლუტურად ყველანაირი არასასიამოვნო შეგრძნებისგან თუ ფიქრისგან გათავისუფლება. რაც შეიძლება მეტი პოზიტივი მინდა მიიღოთ ამ ნაწერიდან. მე  ჩემსას ვეცდები დანარჩენი კი თქვენთვის მომინდვია.

პოსტი ძალიან სპონტანურად, ბევრი ფიქრის გარეშე და ემოციაზე დაყრდნობით წელიწადის ოთხ დროზე იწერება.

ზაფხული.
ყველაზე ცხელი, ეგზოტიკური, დასვენების, გართობის და სიამოვნების მომნიჭებელი დრო. ზღვაზე, საღამოს, მზის ჩასვლისას, სანაპიროზე მებობრებთან ერთად სასიამოვნო მუსიკას უსმენ. ცივ სასმელს სვამ ან ნაყინი გაქვს…უდარდელი გარემო… არაფერი რომ არ არსებობს შენ გარშემო პრობლემის მაგვარი. ლაღი ხარ, იცინი, ერთობი, ცხელ ქვიშაში ფეხშიშველი ფრენბურთს თამაშობ …
ხელებგაშილი და თვალდახუჭული ნიავის საწინააღმდეგოდ ნელა რომ დადიხარ და გრძნობ როგორ ეფლობა ფეხი ქვიშაში…. სასიამოვნოდ რომ გეხამუშება… შენ კმაყოფილი ხარ ცხოვრებით. ისვენებ – ამ სიტყვის ყველაზე საუკეთესო შეგრძნებით.

შემოდგომა.
თითქოს გული გწყდება რომ ზაფხულის უქმე, მხიარული და სასიამოვნო დღეები მიილია. მაგრამ სიცოცხლით სავსე ხარ, ენერგიული განწყობით ხვდები წელიწადის ამ დროის დაწყებას. ზაფხულზეც სულ უფრო ნაკლებად გეფიქრება. გიყვარს შემოგდომა…
უბრუნდები შენთვის ჩვეულ გარემოს – ნაცნობ ქუჩებს, ნაცნობ ადგილებს. ხვდები მეგობრებს… საუბრობთ დასვენებისას გადახდენილ ისტორიებზე… საღამოს სკვერში სეირნობთ…
თავსზემოთ ოქროსფერი ფოთლები ფრიალებენ. მიწაც ოქროსფერია, ფოთლებით მოფენილი… ფოთლების შრიალი ისმის… შემოდგომის ნიავი წელზე ალერსით გეხვევა… გრძნობ ბუნებასთან უხილავ კავშირს. უცნაური გრძნობა ჟრუანტელივით დაგივლის მთელ ტანში. გიყვარს შემოდგომის თბილისი… თბილია…
საღამოს თითქოს სევდიან, დაღლილი მოხუცს გავს ქალაქი. მთელი ცხოვრება რომ გავლილი აქვს და წარსულზე ფიქრს მისცემია…
შენც ასე ჩაფიქრებული გადაჰყურებ ნარიყალადან სივრცეს. გეამაყება რომ სწორედ აქ დაიბადე…
მშვიდი, ბედნიერი სახე გაქვს, ჩაფიქრებული…

ზამთარი.
გიყვარს თოვლიანი ზამთარი. დეკემბრის ბოლო… წინასაახალწლო ფორიაქი… ღამით ფანჯარასთან იდაყვდაყრდნობილი რომ გასცქერი ცას… ფიფქის მოლოდინში… ფანჯარა შიგნიდან  იორთქლება… ცივა გარეთ… არაფრის ხმა ისმის… მშვიდი და მეოცნებე სახე გაქვს… ფიფქის მოლოდინში… ვეღარ ძლებ, თვალები გეხუჭება და იძინებ იქვე გაშლილ ფუმფულა ლოგინში…
დილით მკვეთრი სითეთრე გაღვიძებს… ფანჯრიდან სინათლე გაჭყიტებს… ნამძილარევი, თვალისმოფშვნეტით წევ ფარდას, იხედები ფანჯრიდან და სულ თეთრია ქუჩა… ეზო… ხეები… სახლის სახურავები… მშვიდად ითოვლება ქალაქი… ჩარბიხარ ეზოში… ფითქინა თოვლზე ნაკვალევს ტოვებ. გახარებული დაჰყურებ საკუთარ ნაფეხურებს… თვალებს ხუჭავ და სახეს ცისკენ ატრიალებ… გრძნობ როგორ ეშვება ფიფქები ლოყაზე, თვალებზე, ტუჩებზე… ბედნიერი ნელ-ნელა დგამ ნაბიჯებს. მხოლოდ თოვლის ხრაშუნი გესმის… მოწყვეტილი ხარ რეალობას…
შენ ყველაზე ბედნიერი ხარ იმ მომენტში…

გაზაფხული.
დილით უჩვეულოდ ადრე გეღვიძება. ლოგინში დიდხანს არ ჩერდები. მალევე იცვამ მსუბუქად, მოხდენილად. კოხტა ხარ კოპწია. ფერადი… სასიამოვნო მუსიკას რთავ და დღესაც იდეალური განწყობით იწყებ… ჩიტების ჭიკჭიკი მელოდიასთან ჰარმონიაში მოდის…
გაზაფხულდა!…
მთელი სხეულით გრძნობ მოუსვენრობას… თითქოს ირგვლივ ყველაფერი შენი სურვილის თანახმად ხდება.
სამყარომ გაიღვიძა. სასიამოვნოდ ახმაურდა. უდარდელი ხარ… ღიმილი არ გშორდება სახიდან, ბედნიერების ღიმილი…
სახლში რა გაგაჩერებს?! დაავლებ ჩანთას ხელს და გაშპები…
გადააბიჯებ ზღურბლს და  უსასრულო სივრცეში, შენ ერთი ბეწო,  თითქოს  მთელი არსით გადაეშვები… ჰაერში ნუშის სურნელია. მზეც ეშმაკურად დაგყურებს. ქუჩაში მომღიმარი სახეები თვალს გაყოლებენ… შორიდან ნაცნობებს ხელის ქნევით ესალმები… გიყვარს როდესაც შენ გარშემო თავს ყველა კარგად გრძნობს. გინდა ქალაქის ყველა კუთხე, ყველა ქუჩა, ყველა ეზო ფეხით შემოიარო… არასოდეს მოგბეზრდება უმისამართო ხეტიალი… ღამდება…
შენ კმაყოფილი სახით, სასიამოვნოდ დაღლილი მთაწმინდიდან დაჰყურებ თბილისს.
ხედავ როგორ ანათებს ღამის ქალაქი და თავს ბედნიერად თვლი რომ მისი ისტორიის ნაწილი ხარ.
ისევ იდაყვდაყრდნობილი ისევ მეოცნებე და მშვიდი სახით ტკბები ცხოვრებით…

p.s. როგორც წესი მსგავს პოსტებს არ ვწერ და ესეც პირველი გესტ პოსტია. ორმაგი დებიუტი მაქვს : )

By niksologi

Advertisements

ბჟუტური მეორე მესთან… ანუ მე არ მიყვარს თბილისი

მოკლედ დღეს ისეთი საშინელი დღე  მქონდა არაფრის დაწერის ზასიათზე არ ვიყავი(ვარ)… თუ ამას არ ჩავთვლით რასაც ახლა ვწერ… შეიძლება სისულელეც გამომივიდეს და აზრი ვერ გამოიტანოთ,მაგრამ მომიტევეთ რა 🙂 ვრცლად