ჩვენ, სამნი

დიდი, შავი, წყლიანი თვალები აქვს, მოცუცქნული აპრეხილი ცხვირი და ვარდისფერი, ფუმფულა ტუჩები.გულწრფელი და ბავშვური ღიმილი დღემდე  შემორჩენია. ჩემს მეზობლად ჩამოდიოდა დასასვენებლად, ბებიასთან და ბაბუასთან (უფრო სწორად ერთმანეთის მეზობლად ვისვენებდით). ამწვანებული ეზოს შუაგულში პატარა, კოხტა იმერული ოდა იწონებდა თავს, აი ისეთი ქართულ მოთხრობებში რომ არის ხშირად ნახსენები.ერთი მყუდრო ოთახი განსაკუთრებით უყვარდა. საერთოდ მოსიყვარულე ბავშვი იყო და განსაკუთრებით ბაბუა და თავისი ხის აკვანი უყვარდა. ბებომ კაკლის ხე დარგო მის სახელზე, ამ კაკლის ჩრდილი და სურნელი დღემდე არ ავიწყდება, როგორც თვითონ ამბობს დიდრონ თვალებში ცრემლჩამდგარი, აკანკალებული ხმით. ჰამაკში კოტრიალი ხომ საერთოდ ყველაფერს ერჩივნა.

* * *

მაღალი და წვრილი ფეხები აქვს, მუქი ფერის კანი და და ხვეული თმა, რომელსაც რატომღაც სულ იჭრის.ისიც ჩვენი მეზობელია სოფელში.ისიც ბებიასთან და ბაბუასთან ჩამოდიოდა. ბუტია და თავნება იყო ბავშვობაში, ახლა აღარ იბუტება, თავნებობა კი ვერ მოიშალა. წიგნის კითხვა უყვარდა (იმედია ახლაც).ბებო ურჩევდა ხოლმე ძირითადად. ერთი უცნაურობა სჭირდა, გაბრაზებულ გულზე თავისი სახლის გრძელი კიბის გადარეცხვა უყვარდა ცოცხით და წყლიანი “ვედრით” შეიარაღებულს. ბაბუა მასაც განსაკუთრებით უყვარდა. მეც მიყვარდა მათი ბაბუები .

ვატარებდით ერთად თითქმის მთელ ზაფხულს, მდინარეზე, ტყეში, ბეკზე, სოფლის “ბირჟაზე” და სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებში : ))

* * *

მეც მათსავით მიყვარდა ტყე, მდინარე და საერთოდ ყველაფერი იმ სოფელში, ბებია განსაკუთრებით (სამწუხაროდ ბაბუა არასდროს მყოლია). მახსოვს იმერული კილოთი გაჯერებული ლექსიკონით, და საოცარი რუჯით, რომ ვბრუნდებოდით შინ.

ახლა ასე აღარ ხდება… ბოლო აბზაცის დაწერა, მონატრების აღწერა და გადმოცემა განსაკუთრებით მიჭირს.ყველაფერი ერთი ხელის მოსმით არა, მაგრამ მაინც შეიცვალა. ახლა აღარც მათ ჰყავთ ბაბუები, არავინ გვიყვება უცნაურ ამბებს ბაყაყებზე, აღარ გვირჩევენ საინტერესო წიგნებს წასაკითხად. აღარ დავტანტალებთ მდინარეზე, აღარც მისი ოთახია მყუდრო, სადაც ახლა მამამისის მეორე ცოლს მოუწყვია საძნებელი. აღარც იმ კაკლის სუნი გვცემს და აღარც მეზობლის უძველესი და უშველებელი მუხის “ჩეროში” ვთამაშობთ.აღარაა სიმწვანე ეზოში. აღარ გვეფერება ხალხი ქუჩაში და არავინ გვეკითხება როდის ჩამოვედით. აღარ მივყვები ბებოს ბაზარში, ოთხშაბათობით, რომ იმართებოდა ხოლმე. აღარ ვჩხუბობთ მე და ჩემი ძმა,იმაზე თუ ვინ წავიდოდა მაღაზიაში პურზე. ბევრი აღარ დაგროვდა სამწუხაროდ. ვეღარ ვგრძნობ შიშველი ფეხის გულებზე კოინდრის მოლამუნებას.

მენატრება ბეკი, მდინარე, მოპარული სიმინდი, ლაშას სალტოები წყალში (ახლა ვეღარ მოძრაობს)… ბებო მომენატრა ძალიან. ჩემი ბუნჩულა, იმ ბულკივით ფუმფულა და გემრიელი დილაობით რომ მოჰქონდა ხოლმე სკოლიდან დაბრუნებულს. უდარდელი, ჰაეროვანი, მწვანე, “ჩემებით” სავსე ბავშვობა და ზაფხული მენატრება.

მე დავკარგე…

როცა თიკო გარდაიცვალა,მეგონა მეც გარდავიცვალე,დავიღუპე,მოვკვდი,აღვიგავე პირისაგან მიწისა,გავნადგურდი,დავეცი… მერე იყო იცი როგორი ტკივილი? აუხსნელი,გადმოუცემელი,ცხოვრებაში პირველად აღმებეჭდა სახეზე განა მწუხარება,არა არა ეს სხვა რაღაცაა,ტკივილი,ალბათ კივილიც… დეპრესია იყო?არა,თითქოს ძლიერი აღმოვჩნდი, ”შეძლებისდაგვარად ვეცადე”…მერე იყო მისი ბოლო სიტყვების თავში ტრიალი…ახლაც არის პრინციპში ,უბრალოდ ახლა მხოლოდ თიკოსი აღარ…სამწუხაროდ მხოლოდ მისი აღარ… არასდროს ვსაუბრობ ამ თემაზე… მხოლოდ ერთი-ორთან მაქვს ”ნაწუწუნები” თუ შეიძლება საერთოდ ამ თემაზე წუწუნი(ესეც უკვე ზედმეტია)… მერე იყო(არის) ღამით ცაში ყურება-იმ პრინციპით,რომ ამით მასთან ახლოს ვარ…         ვრცლად