წყეული, ჩაუფიქრებელი სურვილი

     გარეცხეთ ვინმემ ჩემი გონება ფიქრებისგან.
ამოქოლეთ კარი, აი ის, უმისობას რომ გავუღე (მგონი სიმღერიდანაა).მოიყვანეთ შემოდგომა, მხოლოდ მასთან ერთად, ცარიელი არ მინდა. დაწვით ნივთები, არც ისინი ვარგა უმისოდ(ჩემსავით). არ მინდა ვუყურო თოვას მის გარეშე, არც ჩაის დალევა მინდა მარტო, არ მინდა ახალი წლის სუფრასთან მხოლოდ სამნი ვისხდეთ. არ მინდა მზე, მთვარე, კიდევ მილიონობით ვარსკვლავი და გალაქტიკა იყოს ის, მინდა რეალურად ვხედავდე, ვეხებოდე, მისი ხმა მესმოდეს და ძველებურად მე ვუწესრიგებდე ფრჩხილებს.
მუდამ იმ მატარებლის მოლოდინში ვიქნები, რომელიც მასთან მიმიყვანს (აი ესეც სადღაც გაგონილი ფრაზაა მგონი). სულ მოვიშალე, სხეულიც ლიანდაგში ჩაწოლას ლამობს. ფურცელსაც ვეღარ ვუზიარებ გრძნობებს, ფიქრებს.
მერამდენედ ვფიქრობ ამ ტკივილის კარიც გამოვხურო. (იმდენი კარი გაჩნდა, რომ სათვალავიც ამერია და მგონი ტავტოლოგიაც გაიპარა ჩანახატში). წყეული სიმღერები რომ არა, არასდროს მომივიდოდა ასეთი წინადადებები თავში აზრად.
დაბადების დღეს ან ახალ წელს, რომ სურვილებს იფიქრებენ, მგონი არასდროს ჩამიფიქრებია ჩემი და ჩემი ოჯახის ჯანმრთელობა, ზედმეტად ახალგაზრდები მეგონა ვიყავით და არ იყო საჭირო იმის ჩაფიქრება რაც ისედაც გვქონდა. ამაში, რომ ვცდებოდი ფაქტია, არა და უკან რომ დროის დაბრუნება შემეძლოს.
უკან, რომ შემეძლოს… რამდენ გამწარებულ ადამიანს უთქვამს ასე, მეც მათ რიცხვში ვარ ალბათ. არ დავიწყებ იმის მტკიცებას ვის მეტად უჭირს და ტკივა, მე თუ სხვას. უაზრობაა…
ის ვიცი, რომ ჩემი ყოველდღიურობა, არშემდგარი ბედნიერება და დაუსრულებელი მელოდიაა. მხოლოდ ჩემი “ერო” , მე კი მისი “თათო”…
სხვა რა გითხრათ, ვცდილობთ “კარგად” ვიყოთ, ვცდილობთ…

თერთმეტი

სიამოვნებით ვიქნებოდი ისევ 11 წლის და რამოდენიმე თვის ღლაპი.

   ამბობენ, ბავშვობაში დაბრუნება მათ უნდათ ვისაც “დიდობაში” უაზრო, უფერული, რუტინული, მტკივნეული ცხოვრება აქვსო. მეტ-ნაკლებად ალბათ ყველას გვაწუხებს ცარიელი, დაშტამპული ყოველდღიურობა, მაგრამ ამის გამოსწორება მარტივად შეიძლება, თუმცა ეს თემა სხვაგან და სხვა დროს.

   მრავალფეროვანი აწმყოს მიუხედავად, მგონია, რომ ყველას გვაქვს პერიოდი როცა სევდანარევი თვალებით ვუყურებთ სკვერში მოთამაშე ბავშვებს (არ იგულისხმება ბავშვთმოძულე ადამიანი :დ). არა, ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე და მაინც… სადღაც გულში ღრმად, გვწყდება ის ძაფი რომელზეც მოგონებები ისხდნენ და იფანტება ასე ჟრუანტელივით მთელ სხეულში. მერე უცებ ვფხიზლდებით და ფაცი-ფუცით ვუბუნდებით ჩვენ საქმეს.

   რაც უფრო ხანში შევდივართ, რაც უფრო მეტი წელი გვემატება მით მეტად ხანგრძლივი და მძაფრია ეს ფიქრები, რაც უფრო გვეზღუდება მოძრაობის უნარი, მით უფრო გვტკივა ასკინკილით მოხტუნავე კიკინიანი პატარების დანახვა. თუმცა ამ დროს ალბათ ყველაზე მეტად ვემსგავსებით მათ- ბავშვებს. განსხვავება მხოლოდ გარეგნულია. და ცოტაც ფიზიკური შესაძლებობები 🙂 ისეთივე ჭირვეული და ტკბილეულის მოყვარულები ვხდებით(უზომოდ) როგორც ადრე, ბავშობაში.

   მოგეჩვენებათ ალბათ, რომ, ჩემთვის, 20 წლის მდედრობითი კარაქიანი ბუზიზთვის ადრეა ასეთი დასკვნების გაკეთება 🙂 შეიძლება ვაჭარბებ, სულაც არ იყოს სინამდვილეში ასე, არა და ჩემი სიბერისადმი წინასწარგანწყობის გენებით ვხვდები, რომ მთლად ასე თუ არა, ნაწილობრივ მაინც იქნება მართალი ზემოთ თქმული.

და მაინც,

სიამოვნებით ვიქნებოდი 11 წლის და რამოდენიმე თვის ღლაპი.

feeling

– რა არის ტკივილი?

– ნამდვილი თუ ჩვენ, რომ ვიგონებთ?

– შეიძლება ტკივილის გამოგონება?

– სწორედაც რომ. უაზროდ ვფლანგავთ დროს ფუჭ ფიქრებში, სურვილებში, მონატრებაში და მერე ვწუწუნებთ, რომ ვითომდა გვტკივა. არ გვესმის, რომ უნდა ვიმოძრაოთ, ცხრა მთას იქითაც უნდა წავიდეთ თუ საჭიროა, თუ მართლა გვენატრება და გვტკივა. არ არსებობს ფაქტორი რომელიც გაგვაჩერებს და თუ არის ესეიგი საკმარისად არ გვენატრება, არ გვიყვარს, არ გვტკივა. ეს ყველაფერია სწორედ გამოგონილი, შეთხზული და ჩვენ მიერ შეთითხნილი… გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, მხოლოდ სიკვდილია გამოუვალი და ისიც ხშირად მარცხდება როცა ნამდვილები ვართ.

– ნამდვილს რაღაა?

– ყველასთვის სხვადასხვა

– შენთვის?

– როცა პირველად გამიქრა გონებაში მელოდია, მაშინ მივხვდი, რომ ნამდვილი იყო, როცა გამიჭირდა ტირილი, ძილი, ჭამა. გავბრაზდი სამყაროზე (ალბათ ბევრი ისე უმიზეზოდაც ასეა, მაგრამ მე არ მახასიათებს) და პირველად ვთქვი სიტყვა “ზიზღი”, როცა ვიგრძენი პულსი ლავიწთან, როცა გინდა, რომ უგუნებობა ვერ შეგამჩნიონ და არა პირიქით. როცა გაღიზიანებს სხვების სიბრალულით სავსე თვალები შენს დანახვაზე. ეს არის ჩემთვის ნამდვილი, ამას ვერ გამოიგონებ… მაშინ მივხვდი, რომ არსებობს ტკივილი და არ შეიძლება ეს ყველაფერი ფარსი იყოს.

სხვა შემთხვევაში თუ გრძნობა არა, მაშინ რაღა დარჩება ნამდვილი და მარადიული?!

run away

გავიღვიძე.

დედას ისევ ცრემლიანი აქვს თვალები

ჩაის მისხამს სევდისფერ ლამბაქში,

ჩუმად ვსვამ დარდს და ტკივილს, ყელში მეჩხირება და ვტოვებ…

არ ვსაყვედურობ ჩემ ძმას არაფერს, არც გულში…

მამაც არ საყვედურობს, ჩუმად ზის და ეროს სურათზე მის ცრემლებს ვამჩნევ

მას შემდეგ ცა მოქუფრულია, ფერები განაცრისფრებული, სამოსი შავი…

სიზმარში არ მინახავს, მტკივა – როგორ ვერაფერი ვიგრძენი წინასწარ…

ის კი, ჩემთვის ასე ახლო და ნაცნობი ნელ-ნელა მშორდება, შეუცნობელი და იდუმალი ხდება, არა, არა, არ მინდა ასე !

ვუყვირი, მაგრამ არ ბრაზდება და არ მოდის!

ვეძახი, მაგრამ ჩუმადაა “გასუსული”

ნაღვლისფერ ნოტებს გამოსცემს რადიო…

რა ეგოისტი ვარ, ისევ ჩემზე ვფიქრობ და მინდა რომ ისევ შევეხო და მოვეფერო, ჩემთვის, ისევ ჩემთვის…

ვიცი მეტკინება შემოდგომის მოსვლა მის გარეშე… ის არის თვითონ შემოდგომა  სავსე, ტკბილი…

მინდა ცხოვრების ეს ეტაპი დავკეცო, დავჭმუჭნო და ურნაში მოვისროლო, ისე ვერ გავუძლებ ვგრძნობ.

მტკივა უ-მისობა

მიმძიმს მის გარეშე ყოველი ჩასუნთქული ჰაერის “ულუფა”

მენატრება !

მენატრება!

მენატრება !

ჩვენ, სამნი

დიდი, შავი, წყლიანი თვალები აქვს, მოცუცქნული აპრეხილი ცხვირი და ვარდისფერი, ფუმფულა ტუჩები.გულწრფელი და ბავშვური ღიმილი დღემდე  შემორჩენია. ჩემს მეზობლად ჩამოდიოდა დასასვენებლად, ბებიასთან და ბაბუასთან (უფრო სწორად ერთმანეთის მეზობლად ვისვენებდით). ამწვანებული ეზოს შუაგულში პატარა, კოხტა იმერული ოდა იწონებდა თავს, აი ისეთი ქართულ მოთხრობებში რომ არის ხშირად ნახსენები.ერთი მყუდრო ოთახი განსაკუთრებით უყვარდა. საერთოდ მოსიყვარულე ბავშვი იყო და განსაკუთრებით ბაბუა და თავისი ხის აკვანი უყვარდა. ბებომ კაკლის ხე დარგო მის სახელზე, ამ კაკლის ჩრდილი და სურნელი დღემდე არ ავიწყდება, როგორც თვითონ ამბობს დიდრონ თვალებში ცრემლჩამდგარი, აკანკალებული ხმით. ჰამაკში კოტრიალი ხომ საერთოდ ყველაფერს ერჩივნა.

* * *

მაღალი და წვრილი ფეხები აქვს, მუქი ფერის კანი და და ხვეული თმა, რომელსაც რატომღაც სულ იჭრის.ისიც ჩვენი მეზობელია სოფელში.ისიც ბებიასთან და ბაბუასთან ჩამოდიოდა. ბუტია და თავნება იყო ბავშვობაში, ახლა აღარ იბუტება, თავნებობა კი ვერ მოიშალა. წიგნის კითხვა უყვარდა (იმედია ახლაც).ბებო ურჩევდა ხოლმე ძირითადად. ერთი უცნაურობა სჭირდა, გაბრაზებულ გულზე თავისი სახლის გრძელი კიბის გადარეცხვა უყვარდა ცოცხით და წყლიანი “ვედრით” შეიარაღებულს. ბაბუა მასაც განსაკუთრებით უყვარდა. მეც მიყვარდა მათი ბაბუები .

ვატარებდით ერთად თითქმის მთელ ზაფხულს, მდინარეზე, ტყეში, ბეკზე, სოფლის “ბირჟაზე” და სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებში : ))

* * *

მეც მათსავით მიყვარდა ტყე, მდინარე და საერთოდ ყველაფერი იმ სოფელში, ბებია განსაკუთრებით (სამწუხაროდ ბაბუა არასდროს მყოლია). მახსოვს იმერული კილოთი გაჯერებული ლექსიკონით, და საოცარი რუჯით, რომ ვბრუნდებოდით შინ.

ახლა ასე აღარ ხდება… ბოლო აბზაცის დაწერა, მონატრების აღწერა და გადმოცემა განსაკუთრებით მიჭირს.ყველაფერი ერთი ხელის მოსმით არა, მაგრამ მაინც შეიცვალა. ახლა აღარც მათ ჰყავთ ბაბუები, არავინ გვიყვება უცნაურ ამბებს ბაყაყებზე, აღარ გვირჩევენ საინტერესო წიგნებს წასაკითხად. აღარ დავტანტალებთ მდინარეზე, აღარც მისი ოთახია მყუდრო, სადაც ახლა მამამისის მეორე ცოლს მოუწყვია საძნებელი. აღარც იმ კაკლის სუნი გვცემს და აღარც მეზობლის უძველესი და უშველებელი მუხის “ჩეროში” ვთამაშობთ.აღარაა სიმწვანე ეზოში. აღარ გვეფერება ხალხი ქუჩაში და არავინ გვეკითხება როდის ჩამოვედით. აღარ მივყვები ბებოს ბაზარში, ოთხშაბათობით, რომ იმართებოდა ხოლმე. აღარ ვჩხუბობთ მე და ჩემი ძმა,იმაზე თუ ვინ წავიდოდა მაღაზიაში პურზე. ბევრი აღარ დაგროვდა სამწუხაროდ. ვეღარ ვგრძნობ შიშველი ფეხის გულებზე კოინდრის მოლამუნებას.

მენატრება ბეკი, მდინარე, მოპარული სიმინდი, ლაშას სალტოები წყალში (ახლა ვეღარ მოძრაობს)… ბებო მომენატრა ძალიან. ჩემი ბუნჩულა, იმ ბულკივით ფუმფულა და გემრიელი დილაობით რომ მოჰქონდა ხოლმე სკოლიდან დაბრუნებულს. უდარდელი, ჰაეროვანი, მწვანე, “ჩემებით” სავსე ბავშვობა და ზაფხული მენატრება.

No Title

 მახსოვს ყოველთვის ოთხი ვიყავით. კლასელები,საუკეთესო მეგობრები და მოკლედ როგორც “სემიჩკა” ფილმებშია, მუდამ ერთად, მანძილიც რომ ვერაფერს აკლებთ და ათასი ბლა ბლა ბლა…  ვერ ვიტყვი ყველაფერი ერთ წამში შეიცვალამეთქი, პირიქით,  დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა სათითაოდ გამომეცალნენ(თუ რა სიტყვა ვიხმარო არც ვიცი),  ერთი სხვა სკოლაში გადავიდა (დღემდე ვერ ვხვდები რატომ),  მეორე არსად გადასულა, მაგრამ როგოც ჩანს თავისი ნამდვილი სახე სკოლის ბოლო წელს გამოაჩინა (ამიტომაც ყველაზე ნაკლებად მწყდება გული მასზე)… არ ვიცი რატომ, მაგრამ არცერთი ფოტო  შემომრჩა სადაც ერთად, ბედნიერად ვიქნებოდით “ასახულნი”.დავრჩით ორნი… ვრცლად

Spirited Away

     ანიმე (იაპონ. アニメ) წარმოიშვა ინგლისური სიტყვისგან „Animation“ და იაპონურად ანიმაციას ნიშნავს. იაპონიის ფარგლებს გარეთ, სიტყვა „ანიმე“ ჩვეულებრივ გამოიყენება იაპონიაში შექმნილი ანიმაციიის აღსანიშნავად.

სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმებისგან განსხვავებით, რომლებიც უმეტესად ბავშვებისთვის არის გათვლილი, ანიმეს გააჩნია თემების ფართო არჩევანი ყველა ასაკისათვის, რის გამოც მსოფლიოში მაღალი პოპულარობით სარგებლობს. მისი სიუჟეტები მოიცავს თითქმის ყველა ჟანრს, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია ფანტასტიკა და რომანტიული კომედიები, და ხშირად დაფუძნებულია რომელიმე წიგნის, იაპონური კომიქსის — მანგას ან კომპიუტერული თამაშის — სიუჟეტზე. ვრცლად