ბებო

ვზივარ ყველაზე უაზრო , უინტერესო ლექციაზე, გაყინულ აუდიტორიაში და ყველაფერზე ვფიქრობ დაავადების პრევენციის და ცხოვრების ჯანსაღი წესის გარდა. საერთოდ არაფერ შუაშია ასეთი შესავალი, მაგრამ მსმენია ნამდვილი მწერალი უცილობლად გარემოს აღწერით იწყებს თავის ნაწარმოებსო. შევეცადე “ნამდვილი მწერალივით” დამეწყო.

გათოშილს, ბებოს იმერული ოდა და აგიზგიზებული ბუხარი მენატრება. ფიქრს, უკვე მეათასედ მაწყვეტინებს კარის ჭრიალი და დაგვიანებით შემოსული კურსელის ფხაკუნი. ვცდილობ ყურადღება მოვადუნო და ისევ ოდაზე, იმ სითბოზე ვიფიქრო ბებოს გულში ჩაკვრისას, რომ ვგრძნობ ხოლმე. მისი ბუთქუნა, ტკბილი ხელებით გაკეთებული მჭადის და მწვანე ლობიოს სუნი ახლაც ცხვირში მიღიტინებს.

ლექტორის ხმამაღლა ამოგმინვა და ფიქრის გაწყვეტა ერთი იყო. ვეღარ მოვუყარე მოგონებებს თავი. ფანჯრიდან ხმაურიანი, მტვრიანი, უღიმღამო ქუჩა მოჩანს და ამ დროს უფრო მიმძაფრდება ბებოს ეზოში ამობიბინებულ კოინდარზე წამოკოტრიალების სურვილი. მენატრება მდინარის ხმა, სიჩუმეს რომ მირღვევდა , წიგნის კითხვას მაწყვეტინებდა და საჭყუმპალაოდ მიხმობდა. მენატრება ჩემი ძმის დაჭერილი თევზი რომელსაც არცერთი ვჭამდით 🙂

ბებო სკოლაში ფიზიკას ასწავლიდა. ისეთი მკაცრი ყოფილა ბავშვებს სახლშიც “მონსტრი” ეგონათ. თუმცა ჩვენთან სულ სხვანაირი იყო, აი ისეთი, ნამდვილი ბებო 🙂 არასდროს ავიწყდებოდა სკოლიდან წამოსულს გზად “ბულკების” ყიდვა. არასდროს ავიწყდებოდა ოთხშაბათობით სოფლის ცენტრში გამართულ ბაზრობაზე წასულს აუცილებლად რა უნდა მოეტანა პირის ჩასატკბარუნებლად.

მენატრება იმ ნარდის ქვების ხმა ბებო და ერეკლე გამუდმებით რომ აგორებდნენ. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ჩემი ძმა თუ არ ეთამაშებოდა ის მაინც თავისთვის მარტო თამაშობდა 🙂 მდინარეზე გაქცეულებს უკან გვაბრუნებდა ქუდის დასაფარებლად.

მენატრება მისი შერექმეული და ათასგვარად გადაპრანჭული ჩემი სახელი თიკო-თაკო-თაკუნა. ჰო სამივეს მიყოლებით ერთროულად მეძახდა  ჩემი ბებიტიტო 🙂

წყეული, ჩაუფიქრებელი სურვილი

     გარეცხეთ ვინმემ ჩემი გონება ფიქრებისგან.
ამოქოლეთ კარი, აი ის, უმისობას რომ გავუღე (მგონი სიმღერიდანაა).მოიყვანეთ შემოდგომა, მხოლოდ მასთან ერთად, ცარიელი არ მინდა. დაწვით ნივთები, არც ისინი ვარგა უმისოდ(ჩემსავით). არ მინდა ვუყურო თოვას მის გარეშე, არც ჩაის დალევა მინდა მარტო, არ მინდა ახალი წლის სუფრასთან მხოლოდ სამნი ვისხდეთ. არ მინდა მზე, მთვარე, კიდევ მილიონობით ვარსკვლავი და გალაქტიკა იყოს ის, მინდა რეალურად ვხედავდე, ვეხებოდე, მისი ხმა მესმოდეს და ძველებურად მე ვუწესრიგებდე ფრჩხილებს.
მუდამ იმ მატარებლის მოლოდინში ვიქნები, რომელიც მასთან მიმიყვანს (აი ესეც სადღაც გაგონილი ფრაზაა მგონი). სულ მოვიშალე, სხეულიც ლიანდაგში ჩაწოლას ლამობს. ფურცელსაც ვეღარ ვუზიარებ გრძნობებს, ფიქრებს.
მერამდენედ ვფიქრობ ამ ტკივილის კარიც გამოვხურო. (იმდენი კარი გაჩნდა, რომ სათვალავიც ამერია და მგონი ტავტოლოგიაც გაიპარა ჩანახატში). წყეული სიმღერები რომ არა, არასდროს მომივიდოდა ასეთი წინადადებები თავში აზრად.
დაბადების დღეს ან ახალ წელს, რომ სურვილებს იფიქრებენ, მგონი არასდროს ჩამიფიქრებია ჩემი და ჩემი ოჯახის ჯანმრთელობა, ზედმეტად ახალგაზრდები მეგონა ვიყავით და არ იყო საჭირო იმის ჩაფიქრება რაც ისედაც გვქონდა. ამაში, რომ ვცდებოდი ფაქტია, არა და უკან რომ დროის დაბრუნება შემეძლოს.
უკან, რომ შემეძლოს… რამდენ გამწარებულ ადამიანს უთქვამს ასე, მეც მათ რიცხვში ვარ ალბათ. არ დავიწყებ იმის მტკიცებას ვის მეტად უჭირს და ტკივა, მე თუ სხვას. უაზრობაა…
ის ვიცი, რომ ჩემი ყოველდღიურობა, არშემდგარი ბედნიერება და დაუსრულებელი მელოდიაა. მხოლოდ ჩემი “ერო” , მე კი მისი “თათო”…
სხვა რა გითხრათ, ვცდილობთ “კარგად” ვიყოთ, ვცდილობთ…

pain

 pain      ზაფხულის მდუღარე დღე გაიყინა, გაითოშა და გაქვავდა… ახლა მივხვდი რას ნიშნავს დროის გაჩერება. ჯერ სიცხელემ გადამიარა,მახსოვს გიჟვით გავიქეცი (თუმცა ბოლოსართი “ვით” აქ სრულებით ზედმეტია). მერე აღარაფერი… უფრო სწორად დედაჩემის გიჟი თვალები და მამაჩემის ჩახუტება იყო. მახსოვს ორი დღის წინ მომღიმარი და ახლა გაქვავებულ-გაცივებული ჩემი სამუდამო ტკივილი და სიყვარული. მეგონა სამი წლის წინ, მეგობრების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს არაფერი შეცვლიდა, ახლა ასე აღარ ვფიქრობ, ახლა საერთოდ აღარ ვფიქრობ…

       16 წლის თითქმის 2 მეტრი იყო უკვე… კედელზე ახლაც ემჩნევა წლების წინ მონიშნული მისი “სიმაღლეები”. მისი ხმელი მხრები და ცივი შუბლი არასდროს ამოიშლება მეხსიერებიდან.deppress ყურებამდე ატანილი ღიმილი და როგორც მე ვეძახდი “64 კბილიანი კრეჭვა”… ბავშვური, თოთო, ნაზი კანი და ლამაზი ფორმის წარბი. არა, იმიტომ კი არა, რომ ჩემია, მართლა ასეთია (მიჭირს მასზე წარსულში საუბარი).

    არ ვიცი რა იქნება, ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ ველოდები, დაუსრულებლად ველოდები ხმელი, მაღალი სილუეტის გამოჩენას, ველოდები, რომ ეს სილუეტი “თათოს” დამიძახებს…

     ახლა ყველაზე ძლიერი ვარ მსოფლიოში,  აღარც კი ვტირი…

     ახლა სრულ ჭკუაზე, რომ არ ვარ ფაქტია!

აღარ

    პირველად ხელებზე შევხედე, მერე მხრებზე… წამწამებზე და ბოლოს ტუჩებზე. გრძელი თითები ისეთი თხელი და ლამაზი ჰქონდა, რომ ახლაც ვერ ამოვიგდე ის კადრი მეხსიერებიდან. მაღალი, ხმელი და ისეთი მხრები (ბეჭები) აქვს მე რომ მიყვარს ^^ მწვანე თვალები და ბრაზიანი გამოხედვა… არა და სულაც არ არის ბრაზიანი.წვრილი პატარა ტუჩები და ოდნავ მოშვებული წვერი…დაბალი ტონალობის ხმა და დინჯი საუბარი…

     ღრმად ამოვისუნთქე და გადავკოცნე, ისევ ის სურნელი… ვიცოდი უაზროდ მელაპარაკებოდა და იმას არ ამბობდა რასაც ფიქრობდა, არც მე მიკითხავს, ვიცოდი რაღაც ცუდი იყო. წავალო მითხრა, არ მინდოდა გაშვება, სახლში ავედით ყავის დასალევად. შევამჩნიე ნერვიულად სვამდა და უხერხული გრძნობებისგან გასათავისუფლებლად რაღაც იდიოტურ შოუზე იღიმებოდა… ბოლოს წასვლა გადაწყვიტა, ყოყმანე(ო)ბდა, გავუადვილე გადაწყვეტილების მიღება და წასვლა ვთხოვე 🙂 ვიცოდი ასე აჯობებდა ორივესთვის…

   ჰო და წავიდა… მას შემდეგ აღარ გამოჩენილა,არც მინდა… ვიცი ადრე თუ გვიან ისევ ისე მოვა როგორც დღეს, მაგრამ უკვე მართლა ძალიან გვიან იქნება, აი ისე გვიან ის ფრაზაც, რომ აღარაფერს შველის – “სჯობს გვიან ვიდრე არასდროს”-ო. მოვა და ვიცი ისევ ის აზრები შეაწუხებს რაც დღეს… აღარ მინდა წელიწადშ ერთხელ მისი გამოჩენის შემდეგ ისე განადგურებულად ვიგრძნო თავი,როგორც არასდროს, აღარ მინდა ის დღე როცა მას ვნახავ, თეთრი,უძილო ღამით დასრულდეს, აღარ მინდა ჩემზე მცდარი წარმოდგენები ჰქონდეს, და კიდევ ათასი აღარ…

   ისევ ღრმად ამოვისუნთქე და უკვე აღარ ველოდები…

My Life

ამ ფოტოთი ყველაფერი ნათქვამია :დ

მარტი

  მარტი მინდა.

ახლა ყველაზე მეტად მინდა იყოს მარტი.მას უყვარდა… მე ისევ იქ ვარ, იმ რამოდენიმე წლის წინ მომხდარ ამბავთან.არ ამომდის თავიდან.ზუსტად ისე მტკივა როგორც მაშინ,ზუსტად ისე მეწერინება, როგორც მაშინ.ზუსტად ისე მიძნელდება იქ ჩასვლა, როგორც მაშინ, იმ ამბიდან პირველად რომ მიწევდა…

და მოვიდა ეს ჩემი მარტიც… მეგონა რამე შეიცვლებოდა, მაგრამ არაფერი… ასე ველოდები ყოველ წელს,მაგრამ ისევ არაფერი… და მე მაინც ველოდები ღიმილით, ღიღინით… ტკივილით. არა და მარტი უნდა მძულდეს წესით. ყველაზე მარტო, საშინლად და გაუბედურებულად ამ დროს ვგრძნობ თავს (მგონი მაზოხისტი ვარ და ვერ ვხვდები:დ). ამბობენ არ არსებობს ბედნიერი ხელოვანიო.ნამდვილად არ ვარ ხელოვანი, მაგრამ არც ბედნიერი ვარ… ხო აი ასე უბრალოდ გადაჭრით, ვგრძნობ რომ არ არის ეს ბედნიერება, სადღაც სხვაგან და შორსაა… ვიღაცასთან არის ჩემი წილი  და არც ფიქრობს პატრონთან დაბრუნებას. ვერ ვხვდები უბრალოდ რატომ დავკარგე ამდენი საყვარელი ადამიანი ასეთ პატარა ასაკში და ასე მოკლე დროში :/ არც არავის აქვს ამაზე პასუხი და მეც ჩუმად ვარ.

 

 

 

Spirited Away

     ანიმე (იაპონ. アニメ) წარმოიშვა ინგლისური სიტყვისგან „Animation“ და იაპონურად ანიმაციას ნიშნავს. იაპონიის ფარგლებს გარეთ, სიტყვა „ანიმე“ ჩვეულებრივ გამოიყენება იაპონიაში შექმნილი ანიმაციიის აღსანიშნავად.

სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმებისგან განსხვავებით, რომლებიც უმეტესად ბავშვებისთვის არის გათვლილი, ანიმეს გააჩნია თემების ფართო არჩევანი ყველა ასაკისათვის, რის გამოც მსოფლიოში მაღალი პოპულარობით სარგებლობს. მისი სიუჟეტები მოიცავს თითქმის ყველა ჟანრს, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია ფანტასტიკა და რომანტიული კომედიები, და ხშირად დაფუძნებულია რომელიმე წიგნის, იაპონური კომიქსის — მანგას ან კომპიუტერული თამაშის — სიუჟეტზე. ვრცლად

გაურკვეველი

     საოცრად მიჭირს რამე(ი)ს დაწერა. არ ვიცი რატომ მიძნელდება, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც მომბეზრდა, მინდა რაღაც ეტაპი ცხოვრებისა დავკეცო ან დავჭმუჭნო და სადმე მოვისროლო.არც ისე ადვილია, ან შეიძლება მე ვართულებ.არ მიყვარს სიახლე.არც არასდროს მიყვარდა. არა და შესაცვლელია, დაჟანგდა, ჭანჭიკები მოეშვა და გულისშემაწუხებლად ჭრიალებს. ყოველდღიურობა უკვე ყელშია ამოსული. ამის ფურცელზე გადმოტანა კი მიჭირს(ფურცელი რა ვორდის ფურცელი :დ). უკვე მერამდენედ ვშლი ნიუ პოსტის ფანჯარას და მერამდენედ მიწევს იგივეს დაწერა , უბრალოდ დამთხვევაა… უბრალოდ ხშირად ვფიქრობ  ერთიდაიგივეს(ალბათ)… მერამდენედ ვადრაფტებ ნაწერს და მერე ისევ ვუბრუნდები , რომ დავამთავრო…

     აი ახლაც, მგონი უკვე მეასედ მობრუნების შემდეგ მეასედ შემეცვალა აზრი და პოსტის ფინალი… არა და ფინალი საერთოდ არ აქვს>.< აი უკვე მერამდენედ ვუსმენ მთვარის სონატას და ვხვდები, რომ არასდროს მომბეზრდება…  საშინელებაა როდესაც არ იცი რა გინდა, ვისთან გინდა, რატომ გინდა ან არ გინდა. არ იცი მარტო გირჩევნია თუ ოჯახთან ერთად. არ იცი რა გიყვარს და რა არა, რა გაღიზიანებს და რა არა… ვინ გიყვარს და ვინ არა… ვერ ვიტან ამ გაურკვევლობას და არეულობას… არც რამის შეცვლა მიდა,არა განა სიახლის მეშინია უბრალოდ სტაბილურობა უფრო მიზიდავს. არა და უკვე მერამდენედ შევიცვალე ამ ერთი წლის განმავლობაში ბინა(და მასთან ერთად გარემო,ადამიანები),სულ არ ვგეგმავდი, მაგრამ ასე მოხდა… ამდენი სისულელე ერთად არასდროს დამიწერია, ალბათ იმიტომ, რომ ასეთ სულელურ გაურკვევლობაში არასდროს ვყოფილვარ.  ხან მიდა ვიტირო, ხან ვიყვირო, ხანაც გიჟივით ვიცინო, აი ისე უბრალოდ,ყოველგვარი სასაცილოს გარეშე. ხანაც მინდა რამე გაურკვეველი ვიმღერო მთელი დღე.მინდა ლექსი დავწერო(მიუხედავად

მგონი გემი მეძირება

იმისა,რომ პოეზია არ მიზიდავს)ან მოთხრობა,თუნდაც რამე პატარა პრიმიტიული მელოდია, მინდა ვუკრავდე ფორტეპიანოზე(ოდესღაც ასე იყო,მაგრამ ახლა ნოტებსაც კი ვეღარ ვკითხულობ) ან გიტარაზე… ვცეკვავდე ტანგოს ან ფლამენგოს (ოღნდ ჩერტკოევის შეფასებები არ მინდა:დ)… მინდა უჩინარი ვიყო, ხანდახან ყურადღების ცენტრში ყოფნაც მინდა… მინდა სითბოს ვგრძნობდე,ხან მაღიზიანებს და სიცივე მირჩევნია… არ ვიცი ცხოვრება მშვენიერია თუ ეს უბრალოდ მორიგი სარეკლამო სლოგანია…

   სიკვდილიც მიდა , მაგრამ სიცოცხლე უფრო მწყურია…

არ მინდა რამე ლოგიკური დასასრული,პრინციპში არც გამოვა ლოგიკურად არაფერი დამიწყია და ალბათ იმიტომ…

ეს სიმღერა ისე უბრალოდ ^.^

ღვიძილი

   ის რაც ყოველთვის მაკლია.არა და არასდროსაა ზედმეტი 🙂 ახლაც იმის მაგივრად,რომ მეძინოს თბილ(თუ გრილ?!)  ფუმფულა საწოლში, ლეპტოპს ვაკვდები,თვალები ამოღამებული მაქვს,ვგრძნობ საერთო სისუსტეს,თავი მასკდება და ამის მიუხედავად მაინც არ ვიძინებ… არა ხანდახან მეძინება ხოლმე (თქვენ წარმოიდგინეთ და მართლაც ასეა :დ) თუმცა ვცდილობ არ დავიძინო.იცით რატომ???არ მინდა 40 წლის ასაკში ერთ დღესაც აღმოვაჩინო, რომ ნახევარი ცხოვრება მეძინა(თუ მეტი არა).

  არ ვიცი რატომ მაქვს ასეთი უაზრო და უცნაური აკვიატება,მაგრამ ასე მგონია რამდენ წუთსაც მძინავს იმდენ საინტერესო რამეს ვტოვებ ცხოვრებაში… ბევრჯერ ახალ ჩაძინებულს გიჟივით გამღვიძებია და რაიმე საინტერესო წიგნის კითხვა დამიწყია 🙂 ბევრჯერ ინტერნეტ სიახლეებში დამიწყია ქექვა რამე ახალი არ გამომეპაროსმეთქი 🙂 მაგრამ ყველაზე კარგი ალბათ გარეთ, ქუჩაში ხეტიალია, იმის გაცნობიერება,რომ ნახევარ სამყაროს მაინც სძინავს და ეს საოცარ სიამოვნებას მანიჭებს.მარტო ვრჩები საკუთარ თავთან (მერე რა რომ მეორე ნახევარი ფხიზლადაა :დ), თავისუფლად შემიძლია სუნთქვა, აზროვნება… საოცარი სიამოვნებაა ფხიზლად იყო მაშინ, როდესაც სხვას სძინავს და კარგავს უმშვენიერეს წუთებს ცხოვრებისას, სიმშვიდეს…

 ასე თუ გავაგრძელე ალბათ საბოლოოდ გადავეჩვევი ძილს და მალე გადავიწვები…თუმცა არასდროს ვინანებ არცერთ თეთრად გათენებულ ღამეს (ოო დიოს მიო :დ). თუნდაც უაზრო აკვიატება იყოს, მაინც სიფხიზლე მირჩევნია(მეტს ვნახავ ცხოვრებაში:დ). 

ხო და მეგობრებო ვუთხრათ უარი ძილს 🙂