ბებო

ვზივარ ყველაზე უაზრო , უინტერესო ლექციაზე, გაყინულ აუდიტორიაში და ყველაფერზე ვფიქრობ დაავადების პრევენციის და ცხოვრების ჯანსაღი წესის გარდა. საერთოდ არაფერ შუაშია ასეთი შესავალი, მაგრამ მსმენია ნამდვილი მწერალი უცილობლად გარემოს აღწერით იწყებს თავის ნაწარმოებსო. შევეცადე “ნამდვილი მწერალივით” დამეწყო.

გათოშილს, ბებოს იმერული ოდა და აგიზგიზებული ბუხარი მენატრება. ფიქრს, უკვე მეათასედ მაწყვეტინებს კარის ჭრიალი და დაგვიანებით შემოსული კურსელის ფხაკუნი. ვცდილობ ყურადღება მოვადუნო და ისევ ოდაზე, იმ სითბოზე ვიფიქრო ბებოს გულში ჩაკვრისას, რომ ვგრძნობ ხოლმე. მისი ბუთქუნა, ტკბილი ხელებით გაკეთებული მჭადის და მწვანე ლობიოს სუნი ახლაც ცხვირში მიღიტინებს.

ლექტორის ხმამაღლა ამოგმინვა და ფიქრის გაწყვეტა ერთი იყო. ვეღარ მოვუყარე მოგონებებს თავი. ფანჯრიდან ხმაურიანი, მტვრიანი, უღიმღამო ქუჩა მოჩანს და ამ დროს უფრო მიმძაფრდება ბებოს ეზოში ამობიბინებულ კოინდარზე წამოკოტრიალების სურვილი. მენატრება მდინარის ხმა, სიჩუმეს რომ მირღვევდა , წიგნის კითხვას მაწყვეტინებდა და საჭყუმპალაოდ მიხმობდა. მენატრება ჩემი ძმის დაჭერილი თევზი რომელსაც არცერთი ვჭამდით 🙂

ბებო სკოლაში ფიზიკას ასწავლიდა. ისეთი მკაცრი ყოფილა ბავშვებს სახლშიც “მონსტრი” ეგონათ. თუმცა ჩვენთან სულ სხვანაირი იყო, აი ისეთი, ნამდვილი ბებო 🙂 არასდროს ავიწყდებოდა სკოლიდან წამოსულს გზად “ბულკების” ყიდვა. არასდროს ავიწყდებოდა ოთხშაბათობით სოფლის ცენტრში გამართულ ბაზრობაზე წასულს აუცილებლად რა უნდა მოეტანა პირის ჩასატკბარუნებლად.

მენატრება იმ ნარდის ქვების ხმა ბებო და ერეკლე გამუდმებით რომ აგორებდნენ. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ჩემი ძმა თუ არ ეთამაშებოდა ის მაინც თავისთვის მარტო თამაშობდა 🙂 მდინარეზე გაქცეულებს უკან გვაბრუნებდა ქუდის დასაფარებლად.

მენატრება მისი შერექმეული და ათასგვარად გადაპრანჭული ჩემი სახელი თიკო-თაკო-თაკუნა. ჰო სამივეს მიყოლებით ერთროულად მეძახდა  ჩემი ბებიტიტო 🙂

Advertisements

feeling

– რა არის ტკივილი?

– ნამდვილი თუ ჩვენ, რომ ვიგონებთ?

– შეიძლება ტკივილის გამოგონება?

– სწორედაც რომ. უაზროდ ვფლანგავთ დროს ფუჭ ფიქრებში, სურვილებში, მონატრებაში და მერე ვწუწუნებთ, რომ ვითომდა გვტკივა. არ გვესმის, რომ უნდა ვიმოძრაოთ, ცხრა მთას იქითაც უნდა წავიდეთ თუ საჭიროა, თუ მართლა გვენატრება და გვტკივა. არ არსებობს ფაქტორი რომელიც გაგვაჩერებს და თუ არის ესეიგი საკმარისად არ გვენატრება, არ გვიყვარს, არ გვტკივა. ეს ყველაფერია სწორედ გამოგონილი, შეთხზული და ჩვენ მიერ შეთითხნილი… გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, მხოლოდ სიკვდილია გამოუვალი და ისიც ხშირად მარცხდება როცა ნამდვილები ვართ.

– ნამდვილს რაღაა?

– ყველასთვის სხვადასხვა

– შენთვის?

– როცა პირველად გამიქრა გონებაში მელოდია, მაშინ მივხვდი, რომ ნამდვილი იყო, როცა გამიჭირდა ტირილი, ძილი, ჭამა. გავბრაზდი სამყაროზე (ალბათ ბევრი ისე უმიზეზოდაც ასეა, მაგრამ მე არ მახასიათებს) და პირველად ვთქვი სიტყვა “ზიზღი”, როცა ვიგრძენი პულსი ლავიწთან, როცა გინდა, რომ უგუნებობა ვერ შეგამჩნიონ და არა პირიქით. როცა გაღიზიანებს სხვების სიბრალულით სავსე თვალები შენს დანახვაზე. ეს არის ჩემთვის ნამდვილი, ამას ვერ გამოიგონებ… მაშინ მივხვდი, რომ არსებობს ტკივილი და არ შეიძლება ეს ყველაფერი ფარსი იყოს.

სხვა შემთხვევაში თუ გრძნობა არა, მაშინ რაღა დარჩება ნამდვილი და მარადიული?!

run away

გავიღვიძე.

დედას ისევ ცრემლიანი აქვს თვალები

ჩაის მისხამს სევდისფერ ლამბაქში,

ჩუმად ვსვამ დარდს და ტკივილს, ყელში მეჩხირება და ვტოვებ…

არ ვსაყვედურობ ჩემ ძმას არაფერს, არც გულში…

მამაც არ საყვედურობს, ჩუმად ზის და ეროს სურათზე მის ცრემლებს ვამჩნევ

მას შემდეგ ცა მოქუფრულია, ფერები განაცრისფრებული, სამოსი შავი…

სიზმარში არ მინახავს, მტკივა – როგორ ვერაფერი ვიგრძენი წინასწარ…

ის კი, ჩემთვის ასე ახლო და ნაცნობი ნელ-ნელა მშორდება, შეუცნობელი და იდუმალი ხდება, არა, არა, არ მინდა ასე !

ვუყვირი, მაგრამ არ ბრაზდება და არ მოდის!

ვეძახი, მაგრამ ჩუმადაა “გასუსული”

ნაღვლისფერ ნოტებს გამოსცემს რადიო…

რა ეგოისტი ვარ, ისევ ჩემზე ვფიქრობ და მინდა რომ ისევ შევეხო და მოვეფერო, ჩემთვის, ისევ ჩემთვის…

ვიცი მეტკინება შემოდგომის მოსვლა მის გარეშე… ის არის თვითონ შემოდგომა  სავსე, ტკბილი…

მინდა ცხოვრების ეს ეტაპი დავკეცო, დავჭმუჭნო და ურნაში მოვისროლო, ისე ვერ გავუძლებ ვგრძნობ.

მტკივა უ-მისობა

მიმძიმს მის გარეშე ყოველი ჩასუნთქული ჰაერის “ულუფა”

მენატრება !

მენატრება!

მენატრება !

pain

 pain      ზაფხულის მდუღარე დღე გაიყინა, გაითოშა და გაქვავდა… ახლა მივხვდი რას ნიშნავს დროის გაჩერება. ჯერ სიცხელემ გადამიარა,მახსოვს გიჟვით გავიქეცი (თუმცა ბოლოსართი “ვით” აქ სრულებით ზედმეტია). მერე აღარაფერი… უფრო სწორად დედაჩემის გიჟი თვალები და მამაჩემის ჩახუტება იყო. მახსოვს ორი დღის წინ მომღიმარი და ახლა გაქვავებულ-გაცივებული ჩემი სამუდამო ტკივილი და სიყვარული. მეგონა სამი წლის წინ, მეგობრების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს არაფერი შეცვლიდა, ახლა ასე აღარ ვფიქრობ, ახლა საერთოდ აღარ ვფიქრობ…

       16 წლის თითქმის 2 მეტრი იყო უკვე… კედელზე ახლაც ემჩნევა წლების წინ მონიშნული მისი “სიმაღლეები”. მისი ხმელი მხრები და ცივი შუბლი არასდროს ამოიშლება მეხსიერებიდან.deppress ყურებამდე ატანილი ღიმილი და როგორც მე ვეძახდი “64 კბილიანი კრეჭვა”… ბავშვური, თოთო, ნაზი კანი და ლამაზი ფორმის წარბი. არა, იმიტომ კი არა, რომ ჩემია, მართლა ასეთია (მიჭირს მასზე წარსულში საუბარი).

    არ ვიცი რა იქნება, ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ ველოდები, დაუსრულებლად ველოდები ხმელი, მაღალი სილუეტის გამოჩენას, ველოდები, რომ ეს სილუეტი “თათოს” დამიძახებს…

     ახლა ყველაზე ძლიერი ვარ მსოფლიოში,  აღარც კი ვტირი…

     ახლა სრულ ჭკუაზე, რომ არ ვარ ფაქტია!

ნარინჯისფერი

ოქტომბერი იწურება.ცხრა საათზე უკვე ღამეა. ქუჩაზე გადასასვლელ ხიდზე ვზივარ წვიმისგან ჩამონადგურებულ-ჩამოთოვილი და რაღაცებს უაზროდ ვწერ ფურცელზე, ხანაც გიჟებივით მოძრავ მანქანებს გავხედავ “ყოველი შემთხვევისთვის” და ნისლში გახვეულ შენობებზე თვალი მიშტერდება.სველი თმიდან წვეთები შუბლზე ინაცვლებს,შემდეგ ცხვირს მიუყვება და ფურცელს მისველებს.გული ისეთი აჩქარებული მაქვს სადაცაა შემომეფლითება მგონი.უცნაური ემოცია მადნება სხეულზე, აი სულ ახალი, არასდროს, რომ  მიგრძვნია ისეთი.ხანდახან ვცდილობ თავი დავაღწიო, ხანდახან პირიქით, გავიყურსები და ყურს ვუგდებ ხოლმე. ვეღარ გავიგე მსიამოვნებს თუ არა. თან ჰო და თან არა… მექანიზმგაფუჭებულ დაჟანგ(ებ)ულ საათს ვგავარ, წამების ისარი რვიანთან,რომ იჭედება და თავს ვეღარ აღწევს. ავირიე დროში, განზომილებაში… ათასი გრძნობა ირევა ერთდროულად.რაღაც სიღრმეში მტკივა,მიხარია,მწყინს,მენატრება,მიყვარს… ერთდროულად ყველა გრძნობა იღვიძებს მისი დანახვისას.სენტიმენტალური,რომანტიკული და  ასეთი რაღაცები არასდროს მჭირდა, არც ახლა მჭირს, უბრალოდ რაღაც სხვანაირად ვგრძნობ თავს.ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ათასი ფინჯანი ყავა დამელიოს და გული მიფრიალებდეს,ხანდახან მეჭმუჭნებოდეს, აი ისე რაღაც ქაღალდს, რომ მოვკუჭავთ ხოლმე.იმაზე მეცინება, თუ მეტირება ჯერ ვერ გავარკვიე, ვერაფერს,რომ ვერ გრძნობს,ხეპრე და ინფანტილური რომაა და ისევ ის ძველი, რომ უყვარს(ისიც ვერ გაურკვევია ისევ უყვარს თუ აღარ).კითხვაზე,თუ რა ფერი და სუნი აქვს ბედნიერებას გაოცებულ სახეს,რომ იღებს და უაზრობას უწოდებს.ამბობს,სიყვარულის გარეშე ბედნიერად ვარო,ამ სიტყვებზე ამაკანკალებს ხოლმე და კიდევ ბევრი ყავა მემატება გულზე,ძალიან ბევრი. აღარ მინდა მისი დანახვა, არა ზიზღი და ბრაზი კი არა, უბრალოდ აღარ მინდა ის უცნაური შეგრძნებები, დავიღალე. არა და ამ დროს გონებაში მიტივტივებს ფრაზა,რაღაც უაზროდ ამოჩემებული : “მომბეზრდა ჩემი სიმარტოვის ნოტები და ერთუგელბა მომენატრა… როგორც არასდროს”.არა და სიცივის და შემოდგომის ბრალია, მიმძაფრდება ხოლმე ასეთ დროს უბრალო გაცვეთილი შეგრძნებებიც კი, რომელსაც ზაფხულის პაპანაქებაში ალბათ ყურადღებას არც ვაქცევ.ათასი მეგობრით გარემოცულიც კი,მარტოსულად,რომ გრძნობ თავს ის პერიოდია,სიბნელე,რომ ყველაზე მეტად მსიამოვნებს ის პერიოდია,სიჩუმე,რომ ყველაზე კარგი მელოდიაა აი ის პერიოდია…

რატომ ნარინჯისფერი? უბრალოდ ახლა ნარინჯისფერი ფოთლების სუნი მცემს და ამ გრძნობას სხვა-ფრად ვერც აღვიქვამ

და უკვე მერამდენედ ვუყურებ ფილმს “Le Fabuleux destin d’Amélie Poulain”

My Life

ამ ფოტოთი ყველაფერი ნათქვამია :დ

ლინდა – პოლ მაკარტნის ტრაგიკული სიყვარული

  ლინდა ლუის ისთმენ მაკარტნი(Linda Louise Easten McCartney) დაიბადა 1941 წლის 24 სექტემბერს ნიუ-იორკში.იყო ფოტოგრაფი, მუსიკოსი და ცხოველთა უფლებების დამცველი.მისი მშობლები  Lee Eastman და Louise Sara Lindner Eastman. ჰყავდა ერთი უფროსი ძმა ჯონი და ორი უმცროსი და ლაურა და ლუისი.

   1969 წელს ის ცოლად გაჰყვა პოლ მაკარტნის და მოგვიანებით შეუერთდა მის მუსიკალურ ბენდს wings. ამავე წელს პოლმა შვილად აღიარა ლინდას შვილი,რომელიც მას პირველ ქორწინებაში ჰყავდა John See-სგან.მაკარტნებს ჰყავდათ სამი შვილი :  Mary Anna, Stella Nina და James Louis. 1997 წელს პოლ მაკარტნის რაინდად კურთხევის შემდეგ ლინდა გახდა ლედი ლინდა.

   ლინდას ეკუთვნის რამოდენიმე ვეგეტარიანული კერძების წიგნი და დაარსებული ჰქონდა კომპანია  Linda McCartney Foods. იგი იყო გაზეთის Town & Country-ს არაოფიციალური ფოტოგრაფი.ასევე ის იღებდა ფოტოებს ჟურნალ The Rolling Stones-სთვის.მის ობიექტივში ხვდებოდნენ ისეთი ვარსკვლავები,როგორებიც არიან : არეტა ფრანკლინი , ჯიმი ჰენდრიქსი, ბობ დილანი, ერიკ კლაპტონი, ზე დორს, ზე ენიმალს, ჯონ ლენონი, ნეილ იანგი და სხვა. ის იყო პირველი ქალი ფოტოგრაფი,რომლის ფოტოც მოხვდა როლინგ სთოუნზის გარეკანზე (1968 წლის 11 მაისი).მოგვიანდებით მისი ფოტოები გამოფენილი იყო მსოფლიოს 50-ზე მეტ საერთაშორისო გალერეაში.მას ეკუთვნის ასევე ფოტო, რომელზეც მაიკლ ჯექსონი და პოლ მაკარტნი არიან გამოსახულნი, ეს ფოტო მათი ცნობილი სიმღერის “The Girl Is Mine”-ის გარეკანი გახდა.

  რომ არა ლინდა, პოლი ვერც კი გადაიტანდა იმ კრიზისს,რომელიც ბითლზის დაშლით და მეგობრების დაკარგვით იყო გამოწვეული თუმცა მალე მათ კიდევ უფრო საშინელი ამბავი გაიგეს.1995 წელს ლინდას დაუდგინეს მკერდის კიბო, მისი მდგომარეობა მალევე გაუარესდა და კიბოს მეტასტაზები ღვიძლზეც გავრცელდა. სამწუხაროდ მკურნალობა არაეფექტური აღმოჩნდა.პოლის პოლო სიტყვები ლინდასადმი იყო :  “You’re up on your beautiful Appaloosa stallion. It’s a fine spring day. We’re riding through the woods. The bluebells are all out, and the sky is clear-blue”.

  ლინდა გარდაიცვალა 1998 წლის 17 აპრილს 56 წლის ასაკში.მისი სურვილი იყო,რომ კრემაცია ჩაეტარებინათ სხეულისთვის და ფერფლი მათი რანჩოს (რომელიც არიზონაში ჰქონდათ) მიდამოებში მიმოეფანტათ. ვრცლად