pain

 pain      ზაფხულის მდუღარე დღე გაიყინა, გაითოშა და გაქვავდა… ახლა მივხვდი რას ნიშნავს დროის გაჩერება. ჯერ სიცხელემ გადამიარა,მახსოვს გიჟვით გავიქეცი (თუმცა ბოლოსართი “ვით” აქ სრულებით ზედმეტია). მერე აღარაფერი… უფრო სწორად დედაჩემის გიჟი თვალები და მამაჩემის ჩახუტება იყო. მახსოვს ორი დღის წინ მომღიმარი და ახლა გაქვავებულ-გაცივებული ჩემი სამუდამო ტკივილი და სიყვარული. მეგონა სამი წლის წინ, მეგობრების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს არაფერი შეცვლიდა, ახლა ასე აღარ ვფიქრობ, ახლა საერთოდ აღარ ვფიქრობ…

       16 წლის თითქმის 2 მეტრი იყო უკვე… კედელზე ახლაც ემჩნევა წლების წინ მონიშნული მისი “სიმაღლეები”. მისი ხმელი მხრები და ცივი შუბლი არასდროს ამოიშლება მეხსიერებიდან.deppress ყურებამდე ატანილი ღიმილი და როგორც მე ვეძახდი “64 კბილიანი კრეჭვა”… ბავშვური, თოთო, ნაზი კანი და ლამაზი ფორმის წარბი. არა, იმიტომ კი არა, რომ ჩემია, მართლა ასეთია (მიჭირს მასზე წარსულში საუბარი).

    არ ვიცი რა იქნება, ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ ველოდები, დაუსრულებლად ველოდები ხმელი, მაღალი სილუეტის გამოჩენას, ველოდები, რომ ეს სილუეტი “თათოს” დამიძახებს…

     ახლა ყველაზე ძლიერი ვარ მსოფლიოში,  აღარც კი ვტირი…

     ახლა სრულ ჭკუაზე, რომ არ ვარ ფაქტია!

ჩვენ, სამნი

დიდი, შავი, წყლიანი თვალები აქვს, მოცუცქნული აპრეხილი ცხვირი და ვარდისფერი, ფუმფულა ტუჩები.გულწრფელი და ბავშვური ღიმილი დღემდე  შემორჩენია. ჩემს მეზობლად ჩამოდიოდა დასასვენებლად, ბებიასთან და ბაბუასთან (უფრო სწორად ერთმანეთის მეზობლად ვისვენებდით). ამწვანებული ეზოს შუაგულში პატარა, კოხტა იმერული ოდა იწონებდა თავს, აი ისეთი ქართულ მოთხრობებში რომ არის ხშირად ნახსენები.ერთი მყუდრო ოთახი განსაკუთრებით უყვარდა. საერთოდ მოსიყვარულე ბავშვი იყო და განსაკუთრებით ბაბუა და თავისი ხის აკვანი უყვარდა. ბებომ კაკლის ხე დარგო მის სახელზე, ამ კაკლის ჩრდილი და სურნელი დღემდე არ ავიწყდება, როგორც თვითონ ამბობს დიდრონ თვალებში ცრემლჩამდგარი, აკანკალებული ხმით. ჰამაკში კოტრიალი ხომ საერთოდ ყველაფერს ერჩივნა.

* * *

მაღალი და წვრილი ფეხები აქვს, მუქი ფერის კანი და და ხვეული თმა, რომელსაც რატომღაც სულ იჭრის.ისიც ჩვენი მეზობელია სოფელში.ისიც ბებიასთან და ბაბუასთან ჩამოდიოდა. ბუტია და თავნება იყო ბავშვობაში, ახლა აღარ იბუტება, თავნებობა კი ვერ მოიშალა. წიგნის კითხვა უყვარდა (იმედია ახლაც).ბებო ურჩევდა ხოლმე ძირითადად. ერთი უცნაურობა სჭირდა, გაბრაზებულ გულზე თავისი სახლის გრძელი კიბის გადარეცხვა უყვარდა ცოცხით და წყლიანი “ვედრით” შეიარაღებულს. ბაბუა მასაც განსაკუთრებით უყვარდა. მეც მიყვარდა მათი ბაბუები .

ვატარებდით ერთად თითქმის მთელ ზაფხულს, მდინარეზე, ტყეში, ბეკზე, სოფლის “ბირჟაზე” და სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებში : ))

* * *

მეც მათსავით მიყვარდა ტყე, მდინარე და საერთოდ ყველაფერი იმ სოფელში, ბებია განსაკუთრებით (სამწუხაროდ ბაბუა არასდროს მყოლია). მახსოვს იმერული კილოთი გაჯერებული ლექსიკონით, და საოცარი რუჯით, რომ ვბრუნდებოდით შინ.

ახლა ასე აღარ ხდება… ბოლო აბზაცის დაწერა, მონატრების აღწერა და გადმოცემა განსაკუთრებით მიჭირს.ყველაფერი ერთი ხელის მოსმით არა, მაგრამ მაინც შეიცვალა. ახლა აღარც მათ ჰყავთ ბაბუები, არავინ გვიყვება უცნაურ ამბებს ბაყაყებზე, აღარ გვირჩევენ საინტერესო წიგნებს წასაკითხად. აღარ დავტანტალებთ მდინარეზე, აღარც მისი ოთახია მყუდრო, სადაც ახლა მამამისის მეორე ცოლს მოუწყვია საძნებელი. აღარც იმ კაკლის სუნი გვცემს და აღარც მეზობლის უძველესი და უშველებელი მუხის “ჩეროში” ვთამაშობთ.აღარაა სიმწვანე ეზოში. აღარ გვეფერება ხალხი ქუჩაში და არავინ გვეკითხება როდის ჩამოვედით. აღარ მივყვები ბებოს ბაზარში, ოთხშაბათობით, რომ იმართებოდა ხოლმე. აღარ ვჩხუბობთ მე და ჩემი ძმა,იმაზე თუ ვინ წავიდოდა მაღაზიაში პურზე. ბევრი აღარ დაგროვდა სამწუხაროდ. ვეღარ ვგრძნობ შიშველი ფეხის გულებზე კოინდრის მოლამუნებას.

მენატრება ბეკი, მდინარე, მოპარული სიმინდი, ლაშას სალტოები წყალში (ახლა ვეღარ მოძრაობს)… ბებო მომენატრა ძალიან. ჩემი ბუნჩულა, იმ ბულკივით ფუმფულა და გემრიელი დილაობით რომ მოჰქონდა ხოლმე სკოლიდან დაბრუნებულს. უდარდელი, ჰაეროვანი, მწვანე, “ჩემებით” სავსე ბავშვობა და ზაფხული მენატრება.

აღარ

    პირველად ხელებზე შევხედე, მერე მხრებზე… წამწამებზე და ბოლოს ტუჩებზე. გრძელი თითები ისეთი თხელი და ლამაზი ჰქონდა, რომ ახლაც ვერ ამოვიგდე ის კადრი მეხსიერებიდან. მაღალი, ხმელი და ისეთი მხრები (ბეჭები) აქვს მე რომ მიყვარს ^^ მწვანე თვალები და ბრაზიანი გამოხედვა… არა და სულაც არ არის ბრაზიანი.წვრილი პატარა ტუჩები და ოდნავ მოშვებული წვერი…დაბალი ტონალობის ხმა და დინჯი საუბარი…

     ღრმად ამოვისუნთქე და გადავკოცნე, ისევ ის სურნელი… ვიცოდი უაზროდ მელაპარაკებოდა და იმას არ ამბობდა რასაც ფიქრობდა, არც მე მიკითხავს, ვიცოდი რაღაც ცუდი იყო. წავალო მითხრა, არ მინდოდა გაშვება, სახლში ავედით ყავის დასალევად. შევამჩნიე ნერვიულად სვამდა და უხერხული გრძნობებისგან გასათავისუფლებლად რაღაც იდიოტურ შოუზე იღიმებოდა… ბოლოს წასვლა გადაწყვიტა, ყოყმანე(ო)ბდა, გავუადვილე გადაწყვეტილების მიღება და წასვლა ვთხოვე 🙂 ვიცოდი ასე აჯობებდა ორივესთვის…

   ჰო და წავიდა… მას შემდეგ აღარ გამოჩენილა,არც მინდა… ვიცი ადრე თუ გვიან ისევ ისე მოვა როგორც დღეს, მაგრამ უკვე მართლა ძალიან გვიან იქნება, აი ისე გვიან ის ფრაზაც, რომ აღარაფერს შველის – “სჯობს გვიან ვიდრე არასდროს”-ო. მოვა და ვიცი ისევ ის აზრები შეაწუხებს რაც დღეს… აღარ მინდა წელიწადშ ერთხელ მისი გამოჩენის შემდეგ ისე განადგურებულად ვიგრძნო თავი,როგორც არასდროს, აღარ მინდა ის დღე როცა მას ვნახავ, თეთრი,უძილო ღამით დასრულდეს, აღარ მინდა ჩემზე მცდარი წარმოდგენები ჰქონდეს, და კიდევ ათასი აღარ…

   ისევ ღრმად ამოვისუნთქე და უკვე აღარ ველოდები…

ლინდა – პოლ მაკარტნის ტრაგიკული სიყვარული

  ლინდა ლუის ისთმენ მაკარტნი(Linda Louise Easten McCartney) დაიბადა 1941 წლის 24 სექტემბერს ნიუ-იორკში.იყო ფოტოგრაფი, მუსიკოსი და ცხოველთა უფლებების დამცველი.მისი მშობლები  Lee Eastman და Louise Sara Lindner Eastman. ჰყავდა ერთი უფროსი ძმა ჯონი და ორი უმცროსი და ლაურა და ლუისი.

   1969 წელს ის ცოლად გაჰყვა პოლ მაკარტნის და მოგვიანებით შეუერთდა მის მუსიკალურ ბენდს wings. ამავე წელს პოლმა შვილად აღიარა ლინდას შვილი,რომელიც მას პირველ ქორწინებაში ჰყავდა John See-სგან.მაკარტნებს ჰყავდათ სამი შვილი :  Mary Anna, Stella Nina და James Louis. 1997 წელს პოლ მაკარტნის რაინდად კურთხევის შემდეგ ლინდა გახდა ლედი ლინდა.

   ლინდას ეკუთვნის რამოდენიმე ვეგეტარიანული კერძების წიგნი და დაარსებული ჰქონდა კომპანია  Linda McCartney Foods. იგი იყო გაზეთის Town & Country-ს არაოფიციალური ფოტოგრაფი.ასევე ის იღებდა ფოტოებს ჟურნალ The Rolling Stones-სთვის.მის ობიექტივში ხვდებოდნენ ისეთი ვარსკვლავები,როგორებიც არიან : არეტა ფრანკლინი , ჯიმი ჰენდრიქსი, ბობ დილანი, ერიკ კლაპტონი, ზე დორს, ზე ენიმალს, ჯონ ლენონი, ნეილ იანგი და სხვა. ის იყო პირველი ქალი ფოტოგრაფი,რომლის ფოტოც მოხვდა როლინგ სთოუნზის გარეკანზე (1968 წლის 11 მაისი).მოგვიანდებით მისი ფოტოები გამოფენილი იყო მსოფლიოს 50-ზე მეტ საერთაშორისო გალერეაში.მას ეკუთვნის ასევე ფოტო, რომელზეც მაიკლ ჯექსონი და პოლ მაკარტნი არიან გამოსახულნი, ეს ფოტო მათი ცნობილი სიმღერის “The Girl Is Mine”-ის გარეკანი გახდა.

  რომ არა ლინდა, პოლი ვერც კი გადაიტანდა იმ კრიზისს,რომელიც ბითლზის დაშლით და მეგობრების დაკარგვით იყო გამოწვეული თუმცა მალე მათ კიდევ უფრო საშინელი ამბავი გაიგეს.1995 წელს ლინდას დაუდგინეს მკერდის კიბო, მისი მდგომარეობა მალევე გაუარესდა და კიბოს მეტასტაზები ღვიძლზეც გავრცელდა. სამწუხაროდ მკურნალობა არაეფექტური აღმოჩნდა.პოლის პოლო სიტყვები ლინდასადმი იყო :  “You’re up on your beautiful Appaloosa stallion. It’s a fine spring day. We’re riding through the woods. The bluebells are all out, and the sky is clear-blue”.

  ლინდა გარდაიცვალა 1998 წლის 17 აპრილს 56 წლის ასაკში.მისი სურვილი იყო,რომ კრემაცია ჩაეტარებინათ სხეულისთვის და ფერფლი მათი რანჩოს (რომელიც არიზონაში ჰქონდათ) მიდამოებში მიმოეფანტათ. ვრცლად

მარტი

  მარტი მინდა.

ახლა ყველაზე მეტად მინდა იყოს მარტი.მას უყვარდა… მე ისევ იქ ვარ, იმ რამოდენიმე წლის წინ მომხდარ ამბავთან.არ ამომდის თავიდან.ზუსტად ისე მტკივა როგორც მაშინ,ზუსტად ისე მეწერინება, როგორც მაშინ.ზუსტად ისე მიძნელდება იქ ჩასვლა, როგორც მაშინ, იმ ამბიდან პირველად რომ მიწევდა…

და მოვიდა ეს ჩემი მარტიც… მეგონა რამე შეიცვლებოდა, მაგრამ არაფერი… ასე ველოდები ყოველ წელს,მაგრამ ისევ არაფერი… და მე მაინც ველოდები ღიმილით, ღიღინით… ტკივილით. არა და მარტი უნდა მძულდეს წესით. ყველაზე მარტო, საშინლად და გაუბედურებულად ამ დროს ვგრძნობ თავს (მგონი მაზოხისტი ვარ და ვერ ვხვდები:დ). ამბობენ არ არსებობს ბედნიერი ხელოვანიო.ნამდვილად არ ვარ ხელოვანი, მაგრამ არც ბედნიერი ვარ… ხო აი ასე უბრალოდ გადაჭრით, ვგრძნობ რომ არ არის ეს ბედნიერება, სადღაც სხვაგან და შორსაა… ვიღაცასთან არის ჩემი წილი  და არც ფიქრობს პატრონთან დაბრუნებას. ვერ ვხვდები უბრალოდ რატომ დავკარგე ამდენი საყვარელი ადამიანი ასეთ პატარა ასაკში და ასე მოკლე დროში :/ არც არავის აქვს ამაზე პასუხი და მეც ჩუმად ვარ.

 

 

 

ისევ სიკვდილი

                ცრემლები მომდის ღაპა-ღუპით…არა,არ  ვტირი.მართლა მართლა…უბრალოდ ასე თავისით მოღვარღვარებს.ხელები მიკანკალებს.ცუდი სიზმარი ვნახე.დიდი ხანია არ მინახავს და რაღაც უსიამოვნო გრძნობა მქონდა როცა გავიღვიძე… პირველად გამე(ი)ხარდა,რომ ცოცხალი ვარ,რომ მეძინა და ეს ,რომ მხოლოდ სიზმარი იყო…  ცუდად დაიწყო დღე. ფანჯარა გამოვაღე და ჩამოვჯექი…სუსხმა სახე მომიყინა.წვიმდა… ვრცლად