სიყვარული

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, “სიყვარულსა მალვა უნდა” მგონი ძალიან სულელური ფრაზაა.

 სიყვარული უნდა თქვა

დაწერო

დახატო

დაჯღაბნო

დათხუპნო

იჩურჩულო

იყვირო

იმღერო

იცეკვო

გეტკინოს

გეწყინოს

გავსებდეს

გაცარიელებდეს

კიდევ უფრო მეტად გავსებდეს ვიდრე წინა ჯერზე

და ეს უნდა გამოხატო

დაამტკიცო

დაწერო

დახატო

დაჯღაბნო…

და ასე დაუსრულებლად, თუმცა აქ…

წერტილი.

ზოგჯერ არის რაღაც გვიან

როგორც ერთი ჩემი ნაცნობი იტყოდა პრობლემები არ არსებობს, არსებობს სინანული რომ დრო არ გეყო…

ამას ვეღარ შევცვლით.

მინდა რამე დადებითი დავწერო, მაგრამ არ მოდის ეს ოხერი პოზიტივი ასე მარტივად ჩემ ბნელ ცხოვრებაში.

თუმცა არის ერთი.

ადამიანებთან ურთიერთობა;  სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ძალიან მარტივად მიყვარდება ადამიანი და მერე მთელი ცხოვრება მიყვარს (მომავალში ალბათ იქნება გამონაკლისი). უმეტესობისთვის გაუგებარია ალბათ, ჩემთვის კი დოპინგივითიაა, თუ გარკვეულ მომენტში ვინმეს ახალს არ გავიცნობ “ლომკა” მკლავს, სულს მიხუთავს, მახრჩობს.

დღემდე მჯერა რომ ბოროტი ადამიანები არ არსებობენ.

მეც ვზივარ ამ უზარმაზარ ეშმაკის ბორბალზე და ვტრიალებ დაუსრულებლად.

ისე არასდროს მიფიქრია, ვინ და რატომ შეარქვა ამ ბორბალს ეშმაკის?

არაუშავს, ყველა კვდება, ეს მაინცაა გარკვეული ამ ცხოვრებაში.

ვკოტრიალებ ოქროსფერ ყანაში.

ვქანაობ ხის საქანელაზე.

-სულელი ვარ, სულელი ვარ, სულელი ვარ…

ყველა რომ კვდება უკვე ვთქვი?

და ამ დროს ხვდები რომ რაღაც არის ძალიან გვიან.

 

 

ბებო

ვზივარ ყველაზე უაზრო , უინტერესო ლექციაზე, გაყინულ აუდიტორიაში და ყველაფერზე ვფიქრობ დაავადების პრევენციის და ცხოვრების ჯანსაღი წესის გარდა. საერთოდ არაფერ შუაშია ასეთი შესავალი, მაგრამ მსმენია ნამდვილი მწერალი უცილობლად გარემოს აღწერით იწყებს თავის ნაწარმოებსო. შევეცადე “ნამდვილი მწერალივით” დამეწყო.

გათოშილს, ბებოს იმერული ოდა და აგიზგიზებული ბუხარი მენატრება. ფიქრს, უკვე მეათასედ მაწყვეტინებს კარის ჭრიალი და დაგვიანებით შემოსული კურსელის ფხაკუნი. ვცდილობ ყურადღება მოვადუნო და ისევ ოდაზე, იმ სითბოზე ვიფიქრო ბებოს გულში ჩაკვრისას, რომ ვგრძნობ ხოლმე. მისი ბუთქუნა, ტკბილი ხელებით გაკეთებული მჭადის და მწვანე ლობიოს სუნი ახლაც ცხვირში მიღიტინებს.

ლექტორის ხმამაღლა ამოგმინვა და ფიქრის გაწყვეტა ერთი იყო. ვეღარ მოვუყარე მოგონებებს თავი. ფანჯრიდან ხმაურიანი, მტვრიანი, უღიმღამო ქუჩა მოჩანს და ამ დროს უფრო მიმძაფრდება ბებოს ეზოში ამობიბინებულ კოინდარზე წამოკოტრიალების სურვილი. მენატრება მდინარის ხმა, სიჩუმეს რომ მირღვევდა , წიგნის კითხვას მაწყვეტინებდა და საჭყუმპალაოდ მიხმობდა. მენატრება ჩემი ძმის დაჭერილი თევზი რომელსაც არცერთი ვჭამდით 🙂

ბებო სკოლაში ფიზიკას ასწავლიდა. ისეთი მკაცრი ყოფილა ბავშვებს სახლშიც “მონსტრი” ეგონათ. თუმცა ჩვენთან სულ სხვანაირი იყო, აი ისეთი, ნამდვილი ბებო 🙂 არასდროს ავიწყდებოდა სკოლიდან წამოსულს გზად “ბულკების” ყიდვა. არასდროს ავიწყდებოდა ოთხშაბათობით სოფლის ცენტრში გამართულ ბაზრობაზე წასულს აუცილებლად რა უნდა მოეტანა პირის ჩასატკბარუნებლად.

მენატრება იმ ნარდის ქვების ხმა ბებო და ერეკლე გამუდმებით რომ აგორებდნენ. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ჩემი ძმა თუ არ ეთამაშებოდა ის მაინც თავისთვის მარტო თამაშობდა 🙂 მდინარეზე გაქცეულებს უკან გვაბრუნებდა ქუდის დასაფარებლად.

მენატრება მისი შერექმეული და ათასგვარად გადაპრანჭული ჩემი სახელი თიკო-თაკო-თაკუნა. ჰო სამივეს მიყოლებით ერთროულად მეძახდა  ჩემი ბებიტიტო 🙂

დარჩი

მე ვკვდები,
ყოველ დილით ვკვდები,
ყოველი ამოსუნთქვისას ვკვდები.
იმიტომ, რომ…

შენ აღარ ხარ

შენ აქ არ ხარ,

შენ ჩემთან არ ხარ,

შენ ჩემი აღარ ხარ.

და მე მენატრები,

მარტივად,   მენატრები

ავდარში მენატრები,

არა – დარშიც ძალიან მენატრები.

If I could

If I could

I’d protect you

from the sadness in your eyes…

მოვინდომე წერა და აღმოვაჩინე, რომ სევდას მელანი გაელია, ხარბად შეესრუტა და სულ მთლად ამოეშრო.

მოვინდომე გასეირნება და ქუჩა მტვერს შეუჭამია.

სევდა უსასრულოა…

მინდა ბედნიერება დავინახო და ამ დროს ცრემლებით მევსება თვალები, აი ზუსტად ისე ტომ იორკს რომ აკვარიუმი ევსება წყლით. ვიცი სხვადასხვა დროში ვწერ წინადადებებს და ბევრ “მწარე” გრამატიკულ შეცდომას ვუშვებ, მაგრამ მართლაც ყველა დროში მენატრები. ხომ ვიცით(მე და შენ), რომ ადგილის გარემოება ჩვენ შემთხვევაში მხოლოდ ქართული გრამატიკის ნაწილია.

მე შენ მოგიძღვნი ყველა ჩემ ჩანახატს, ყველა ამოსუნთქვას და თვალის დახამხამებას, ყველა უგემოვნო თუ გემოვნებიანი რომანიდან ამოგლეჯილ ფრაზას.

ალბათ უკვე იცი, რომ სევდა მარადიულია

და იცი? რეი გენიოსია…

მე, იდიოტმა, როგორ ვერ შევნიშნე ეს სევდა შენს თვალებში

თერთმეტი

სიამოვნებით ვიქნებოდი ისევ 11 წლის და რამოდენიმე თვის ღლაპი.

   ამბობენ, ბავშვობაში დაბრუნება მათ უნდათ ვისაც “დიდობაში” უაზრო, უფერული, რუტინული, მტკივნეული ცხოვრება აქვსო. მეტ-ნაკლებად ალბათ ყველას გვაწუხებს ცარიელი, დაშტამპული ყოველდღიურობა, მაგრამ ამის გამოსწორება მარტივად შეიძლება, თუმცა ეს თემა სხვაგან და სხვა დროს.

   მრავალფეროვანი აწმყოს მიუხედავად, მგონია, რომ ყველას გვაქვს პერიოდი როცა სევდანარევი თვალებით ვუყურებთ სკვერში მოთამაშე ბავშვებს (არ იგულისხმება ბავშვთმოძულე ადამიანი :დ). არა, ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე და მაინც… სადღაც გულში ღრმად, გვწყდება ის ძაფი რომელზეც მოგონებები ისხდნენ და იფანტება ასე ჟრუანტელივით მთელ სხეულში. მერე უცებ ვფხიზლდებით და ფაცი-ფუცით ვუბუნდებით ჩვენ საქმეს.

   რაც უფრო ხანში შევდივართ, რაც უფრო მეტი წელი გვემატება მით მეტად ხანგრძლივი და მძაფრია ეს ფიქრები, რაც უფრო გვეზღუდება მოძრაობის უნარი, მით უფრო გვტკივა ასკინკილით მოხტუნავე კიკინიანი პატარების დანახვა. თუმცა ამ დროს ალბათ ყველაზე მეტად ვემსგავსებით მათ- ბავშვებს. განსხვავება მხოლოდ გარეგნულია. და ცოტაც ფიზიკური შესაძლებობები 🙂 ისეთივე ჭირვეული და ტკბილეულის მოყვარულები ვხდებით(უზომოდ) როგორც ადრე, ბავშობაში.

   მოგეჩვენებათ ალბათ, რომ, ჩემთვის, 20 წლის მდედრობითი კარაქიანი ბუზიზთვის ადრეა ასეთი დასკვნების გაკეთება 🙂 შეიძლება ვაჭარბებ, სულაც არ იყოს სინამდვილეში ასე, არა და ჩემი სიბერისადმი წინასწარგანწყობის გენებით ვხვდები, რომ მთლად ასე თუ არა, ნაწილობრივ მაინც იქნება მართალი ზემოთ თქმული.

და მაინც,

სიამოვნებით ვიქნებოდი 11 წლის და რამოდენიმე თვის ღლაპი.

pain

 pain      ზაფხულის მდუღარე დღე გაიყინა, გაითოშა და გაქვავდა… ახლა მივხვდი რას ნიშნავს დროის გაჩერება. ჯერ სიცხელემ გადამიარა,მახსოვს გიჟვით გავიქეცი (თუმცა ბოლოსართი “ვით” აქ სრულებით ზედმეტია). მერე აღარაფერი… უფრო სწორად დედაჩემის გიჟი თვალები და მამაჩემის ჩახუტება იყო. მახსოვს ორი დღის წინ მომღიმარი და ახლა გაქვავებულ-გაცივებული ჩემი სამუდამო ტკივილი და სიყვარული. მეგონა სამი წლის წინ, მეგობრების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს არაფერი შეცვლიდა, ახლა ასე აღარ ვფიქრობ, ახლა საერთოდ აღარ ვფიქრობ…

       16 წლის თითქმის 2 მეტრი იყო უკვე… კედელზე ახლაც ემჩნევა წლების წინ მონიშნული მისი “სიმაღლეები”. მისი ხმელი მხრები და ცივი შუბლი არასდროს ამოიშლება მეხსიერებიდან.deppress ყურებამდე ატანილი ღიმილი და როგორც მე ვეძახდი “64 კბილიანი კრეჭვა”… ბავშვური, თოთო, ნაზი კანი და ლამაზი ფორმის წარბი. არა, იმიტომ კი არა, რომ ჩემია, მართლა ასეთია (მიჭირს მასზე წარსულში საუბარი).

    არ ვიცი რა იქნება, ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ ველოდები, დაუსრულებლად ველოდები ხმელი, მაღალი სილუეტის გამოჩენას, ველოდები, რომ ეს სილუეტი “თათოს” დამიძახებს…

     ახლა ყველაზე ძლიერი ვარ მსოფლიოში,  აღარც კი ვტირი…

     ახლა სრულ ჭკუაზე, რომ არ ვარ ფაქტია!

არ ვარ ბატონო გიჟი!

      მოკლედ გადავწყვიტე ამ პოსტით ვუპასუხო იმ ადამიანების მცდარ მოსაზრებას, რომელთაც სერიოზულად გიჟი ვგონივარ 🙂  არ ვიცი რას თვლიან ისინი სიგიჟედ, მაგრამ ექსცენტრულს და ისეთს რაც ვინმეს არ გაუკეთებია არაფერს ვაკეთებ.მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ხანდახან ჭკვიანური და ხანდახან სულელური აზრებით მაქვს თავი გამოტენილი.მიყვარს ყავა, ჩაი და ფიქრი წვიმის წვეთებით დასველებულ ფანჯარასთან.არამგონია ეს სიგიჟე იყოს.

მერე რა მოხდა,რომ სულაც არ მინდა მანქანა და მინდა ერთი კარგი სპორტული მოტოციკლი? ახლა არ თქვათ ეს სიგიჟეაო 🙂

არც ისაა სიგიჟე, მარტო სეირნობა, რომ მიყვარს ადამიანებისთვის “უდროო დროს”…

ვრცლად

Blog De La Mariposa ანუ კიდევ ერთი სადღესასწაულო პოსტი

       არ ან ვერ დავწერ რამე გრანდიოზულს. არ არსებობს ბლოგერი ვისაც არ უყვარს თავისი  “შვილობილი”, შესაბამისად ყველას უხარია მისმა ბლოგმა ამდენს, რომ მიაღწია და კიდევ ათასი ბლა ბლა ბლა. არ ვიცი რამდენად კარგად ვწერ, ვარჩევ თემებს დ ა.შ. ხანდახან მე თვითონ ვხვდები, რომ საშინელება გამოვიდა, მაგრამ არასდროს მიფიქრია რამის წაშლა… ეგდოს რას მიშლის < პრინციპით 🙂  ხო და დღეს მეც მიხარია, რომ ჩავარდნების მიუხედავად მაინც არსებობს ბლოგი. მიხარია, რომ რამოდენიმე ადამიანი მაინც წაიკითხავს ამას. და ყველაზე მეტად იცით რა მიხარია??? ვრცლად

გაურკვეველი

     საოცრად მიჭირს რამე(ი)ს დაწერა. არ ვიცი რატომ მიძნელდება, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც მომბეზრდა, მინდა რაღაც ეტაპი ცხოვრებისა დავკეცო ან დავჭმუჭნო და სადმე მოვისროლო.არც ისე ადვილია, ან შეიძლება მე ვართულებ.არ მიყვარს სიახლე.არც არასდროს მიყვარდა. არა და შესაცვლელია, დაჟანგდა, ჭანჭიკები მოეშვა და გულისშემაწუხებლად ჭრიალებს. ყოველდღიურობა უკვე ყელშია ამოსული. ამის ფურცელზე გადმოტანა კი მიჭირს(ფურცელი რა ვორდის ფურცელი :დ). უკვე მერამდენედ ვშლი ნიუ პოსტის ფანჯარას და მერამდენედ მიწევს იგივეს დაწერა , უბრალოდ დამთხვევაა… უბრალოდ ხშირად ვფიქრობ  ერთიდაიგივეს(ალბათ)… მერამდენედ ვადრაფტებ ნაწერს და მერე ისევ ვუბრუნდები , რომ დავამთავრო…

     აი ახლაც, მგონი უკვე მეასედ მობრუნების შემდეგ მეასედ შემეცვალა აზრი და პოსტის ფინალი… არა და ფინალი საერთოდ არ აქვს>.< აი უკვე მერამდენედ ვუსმენ მთვარის სონატას და ვხვდები, რომ არასდროს მომბეზრდება…  საშინელებაა როდესაც არ იცი რა გინდა, ვისთან გინდა, რატომ გინდა ან არ გინდა. არ იცი მარტო გირჩევნია თუ ოჯახთან ერთად. არ იცი რა გიყვარს და რა არა, რა გაღიზიანებს და რა არა… ვინ გიყვარს და ვინ არა… ვერ ვიტან ამ გაურკვევლობას და არეულობას… არც რამის შეცვლა მიდა,არა განა სიახლის მეშინია უბრალოდ სტაბილურობა უფრო მიზიდავს. არა და უკვე მერამდენედ შევიცვალე ამ ერთი წლის განმავლობაში ბინა(და მასთან ერთად გარემო,ადამიანები),სულ არ ვგეგმავდი, მაგრამ ასე მოხდა… ამდენი სისულელე ერთად არასდროს დამიწერია, ალბათ იმიტომ, რომ ასეთ სულელურ გაურკვევლობაში არასდროს ვყოფილვარ.  ხან მიდა ვიტირო, ხან ვიყვირო, ხანაც გიჟივით ვიცინო, აი ისე უბრალოდ,ყოველგვარი სასაცილოს გარეშე. ხანაც მინდა რამე გაურკვეველი ვიმღერო მთელი დღე.მინდა ლექსი დავწერო(მიუხედავად

მგონი გემი მეძირება

იმისა,რომ პოეზია არ მიზიდავს)ან მოთხრობა,თუნდაც რამე პატარა პრიმიტიული მელოდია, მინდა ვუკრავდე ფორტეპიანოზე(ოდესღაც ასე იყო,მაგრამ ახლა ნოტებსაც კი ვეღარ ვკითხულობ) ან გიტარაზე… ვცეკვავდე ტანგოს ან ფლამენგოს (ოღნდ ჩერტკოევის შეფასებები არ მინდა:დ)… მინდა უჩინარი ვიყო, ხანდახან ყურადღების ცენტრში ყოფნაც მინდა… მინდა სითბოს ვგრძნობდე,ხან მაღიზიანებს და სიცივე მირჩევნია… არ ვიცი ცხოვრება მშვენიერია თუ ეს უბრალოდ მორიგი სარეკლამო სლოგანია…

   სიკვდილიც მიდა , მაგრამ სიცოცხლე უფრო მწყურია…

არ მინდა რამე ლოგიკური დასასრული,პრინციპში არც გამოვა ლოგიკურად არაფერი დამიწყია და ალბათ იმიტომ…

ეს სიმღერა ისე უბრალოდ ^.^